პატარა, რომელიც დედას სულ ხელში უჭირავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა, რომელიც დედას სულ ხელში უჭირავს

როგორ უნდა გვეჭიროს პატარა

არასწორ პოზაში ჩვილის დიდხანს გაჩერება შესაძლოა ჩონჩხის პათოლოგიის მიზეზად იქცეს. მაშ ასე, როგორ უნდა გვეჭიროს პატარა ბავშვი? ეს, პირველ რიგში, დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, მერე კი იმაზე, ვასეირნებთ პატარას თუ ვაძინებთ. 2-2,5 თვემდე, ზოგჯერ კი უფრო მეტხანსაც, აუცილებელია, ჩვილს თავი დავუჭიროთ. მწოლიარე პატარა ხელში ისე უნდა დავიკავოთ, რომ თავი ჩვენს იდაყვზე ედოს, ზურგი - წინამხარზე, ხოლო მტევნით მენჯსა და ბარძაყებს ვუჭერდეთ. შეიძლება პატარა წინამხარზე მუცლით დავიწვინოთ. ამ დროს თავი იდაყვის ნაკეცთან უნდა აღმოჩნდეს, ხოლო მტევნები მუცელთან გადაეჭდოს ერთმანეთს. თუ ჩვილი ვერტიკალურად გიკავიათ, მაგალითად, ამოსაბოყინებლად, აუცილებლად უნდა დაუჭიროთ თავი და ზურგი - ცალი ხელი კეფაზე დაადეთ, წინამხრით ტანზე მიიკარით, მეორე ხელით დააფიქსირეთ დუნდულები. დაუშვებელია ჩვილის ხელზე დასმა, სანამ ის კარგად არ ისწავლის ჯდომას. ეს, ჩვეულებრივ, 6 თვის შემდეგ ხდება. 2,5-3 თვიდან ჩვილი შეიძლება ჩვენკენ ზურგით დავიჭიროთ. ამ დროს ცალი ხელით - გულმკერდის, ხოლო მეორით თეძოების დონეზე გვიკავია.

როგორ შევიმსუბუქოთ "ტვირთი"

პატარა იზრდება, მძიმდება, მისი ხელით ტარება სულ უფრო ძნელდება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია 6 თვის შემდეგ, როცა პატარას წონა საშუალოდ 6 კგ-ს აღემატება. ასეთ დროს დიდ დახმარებას გაგიწევთ თანამედროვე საშუალებები პატარას ტარების გასაადვილებლად, მაგალითად, სპეციალური სახვევი ან კენგურუ. არსებობს ქსოვილის ნაჭრის თანამედროვე მოდიფიკაცია, რომლითაც, აფრიკის ზოგიერთი ტომის წარმომადგენლების მსგავსად, პატარა შეიძლება გულზე ავიკრათ. ეს უზრუნველყოფს მჭიდრო კონტაქტს და ყველა იმ შედეგს, რაც ასეთ კონტაქტს მოაქვს. გარდა ამისა, ასეთი ნაჭრის დახმარებით ძუძუთი კვება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც კი ადვილია. ნაჭრის ფართო ბოლო ცნობისმოყვარეთა მზერისაგან დაგიცავთ. გაგიადვილდებათ პატარას რწევა და დაძინებაც. ასე ბავშვის ტარება წლინახევრამდე შეიძლება, - გააჩნია მის წონასა და თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ისეთი პოზა, რომელშიც ორივე კომფორტულად იგრძნობთ თავს. მცირე ასაკის ჩვილები ასეთ ნაჭერში ჰორიზონტალურად უნდა მოვათავსოთ, შედარებით მოზრდილები - ვერტიკალურად ან ჯდომით. კენგურუ უმჯობესია მაშინ გამოვიყენოთ, როცა პატარა თავის კარგად დაჭერას ისწავლის და კუნთებიც გაუმაგრდება. სპეციალისტები დამხმარე მოწყობილობების მეტისმეტად ხშირად გამოყენებას არ გვირჩევენ. ჯერ ერთი, ჩონჩხის განვითარებისთვის უმჯობესია, ძილის დროს პატარა მაგარ ლეიბზე ან ეტლში იწვეს. მეორე - ასეთ მოწყობილობებში ძილი მოუხერხებელია. მესამე - არ არის სასურველი, ბავშვს ერთსა და იმავე პოზაში ეძინოს, რადგან ეს არათანაბარ დატვირთვას უქმნის ხერხემალს. ამიტომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ამ მოწყობილობების გამოყენება დღეში 40 წუთზე მეტ ხანს სასურველი არ არის. ბავშვი ცოტა რომ წამოიზრდება, შეიძლება თეძოზე შემოვისვათ. ამ დროს დედას ცალი ხელი თავისუფალი აქვს, ხოლო პატარას მხედველობის ველი არ ეზღუდება. თუ დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვილის ხელში დაჭერის საშუალებას არ აძლევს, შეიძლება მისი დაწვენა მუცელზე ან მუხლებზე. შეიძლება, დროდადრო ბავშვი  მცირე ხნით მანეჟში ან საწოლში დავტოვოთ. მარტოობის რამდენიმე წუთი ჩვილს საშუალებას  მისცემს, დატკბეს სათამაშოებით, ხელი მოჰკიდოს მათ, შეისწავლოს საკუთარი მუშტები... ეს აუცილებელია მისი სრულყოფილი განვითარებისთვის. პატარა, რომელიც დედას მუდამ ხელში უჭირავს, ვერ სწავლობს ხოხვას და ფეხსაც გვიან იდგამს.

გადაჩვევის ბუნებრივი პროცესი

რაც უფრო ვუახლოვდებით წლინახევრის-ორი წლის ასაკს, მით უფრო იშვიათად გვიჭირავს პატარა ხელში. ამ ასაკის ბავშვები სულ უფრო მეტად ისწრაფიან დამოუკიდებლობისკენ, აქტიურად და დაუღალავად შეისწავლიან გარე სამყაროს, თუმცა მაინც პოულობენ დროს, რათა მოხერხებულად მოკალათდნენ დედის კალთაში, ხოლო სეირნობის შემდეგ ხელში აყვანას ითხოვენ. პატარებს ამ ასაკშიც სჭირდებათ უფროსების მზრუნველობა და ალერსი, მშობლებთან ფიზიკური კონტაქტი მათთვის ახლაც აუცილებელია. რასაკვირველია, თითოეული ბავშვის აღზრდა ინდივიდუალური პროცესია. მცირე ასაკიდანვე თვალსაჩინოა განსხვავება ბავშვებს შორის - ერთნი სიამოვნებით თამაშობენ მარტო, მეორენი კი მუდამ დედის გვერდით ყოფნას ითხოვენ. ამ განსხვავებას ბავშვის ტემპერამენტი, ხასიათი და მშობლების პედაგოგიური ნიჭი ქმნის. ხშირად გაუცინეთ შვილს, არ მოაკლოთ ყურადღება. ასე უკეთ გაუგებთ ერთმანეთს. ჯილდოდ კი თქვენი მოთმინებისა და სიყვარულისათვის ბედნიერ, მოსიყვარულე შვილს მიიღებთ. ასე გახდება მომავალში თქვენი საყრდენი ის პატარა, რომელიც ერთ დროს სულ ხელში გეჭირათ.

რა არ უნდა გააკეთონ ბავშვთან ურთიერთობისას უფროსებმა

  • დაუშვებელია პატარას შეწუხება ზედმეტი ალერსით.
  • დაუშვებელია პატარას ჰაერში აგდება - შესაძლოა დაგივარდეთ ან შენჯღრევისას ტრავმა მიაყენოთ.
  • დაუშვებელია ჩვილის კოცნა სახეზე - შესაძლოა ინფექცია გადასდოთ

მეცნიერები ამტკიცებენ

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხეულთან კონტაქტი ხელს უწყობს იმუნიტეტის უკეთ ფორმირებას, ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობას, ჰორმონების გამომუშავებას და ჰემოგლობინის მატებასაც კი უწყობს ხელს.

ეს საინტერესოა

იმ ბავშვების ფსიქომოტორული განვითარების დონე, ვინც დედას ხშირად უჭირავს ხელში, სიცოცხლის პირველ წლებში უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვისაც დედასთან კონტაქტი შეზღუდული აქვს. ასეთი დასკვნა გამოიტანეს მკვლევრებმა, რომლებიც შეისწავლიდნენ პატარების განვითარებას აფრიკის ქვეყნებში, სადაც დედას ჩვილი მუდამ თან ჰყავს.