ჯანმრთელობის ცისარტყელა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის ცისარტყელა

ყვითელი ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს განწყობას და მეხსიერებას, აძლიერებს აზროვნების უნარს, ააქტიურებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, დადებითად მოქმედებს კუჭის, ღვიძლის, თორმეტგოჯა ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის, ლიმფური სისტემის ფინქციონირებაზე და კანის დაავადებების განკურნებასაც კი აჩქარებს. მწვანეს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ხელს უწყობს გულისა და თირკმლის მუშაობის მოწესრიგებას, აღმოფხვრის გულის რიტმის დარღვევას, თავბრუხვევას, ნევროზულობას, აქვეითებს თვალისა და არტერიულ წნევას. ცისფერი ამშვიდებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ანთებას, წვის შეგრძნებას (მაგალითად, მზით დამწვრობის, ყელის ტკივილის, კბილების ამოსვლის დროს), დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე. ლურჯი იწვევს სიმშვიდის შეგრძნებას, ხსნის დაძაბულობას, ამცირებს არტერიულ წნევას, კარგად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე. იისფერი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, შველის შაკიკს, აძლიერებს ინტუიციას.

ფერი და ბავშვი

ამერიკელმა პედიატრებმა შეამჩნიეს, რომ განსაზღვრული ფერის სამოსის ტარებისას პატარები უფრო იშვიათად ავადმყოფობენ. მოდი, გავარკვიოთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ტანსაცმელი არა მარტო მოდის, არამედ ფერის მიხედვითაც. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, რომელ სეზონს "ეკუთვნის" პატარა. ეს სრულიადაც არ არის დამოკიდებული იმაზე, როდის დაიბადა ბავშვი. მთავარია ფიზიოლოგიური ტიპი, რომელიც პირობითად ოთხია  - ზამთრისა, გაზაფხულისა, ზაფხულისა და შემოდგომისა. ზამთრის ბავშვებს აქვთ თეთრი კანი და შავი თმა, მუქი ან მკვეთრი ცისფერი თვალები. უმეტესად თანატოლებზე ტანმორჩილები, გამხდრები, ძვალწვრილები არიან, თუმცა მათ შორის გვხვდებიან დიდი ტანის პატარებიც. რჩევა: ზამთრის ბავშვებისთვის მთავარია კონტრასტულობა და სიმკვეთრე - თეთრის, შავის, ლურჯისა და ალისფერის ნებისმიერი შერწყმა. თეთრი და ცისფერი, თეთრი და ვარდისფერი არ არის მათი კომბინაცია. საზოგადოდ, მკრთალი და ცივი ფერები მათ არ შეეფერებათ. გაზაფხულის ბავშვები ლამაზები არიან, განსაკუთრებით - გოგონები. აქვთ ნაზი, გლუვი, ატმისფერი, ზოგჯერ ჭორფლიანი კანი, ნათელი, ღია ფერის თვალები, მოწითალო ქერა თმა. აღნაგობა სხვადასხვანაირი აქვთ, თუმცა, ჩვეულებრივ, თანატოლებზე ოდნავ მაღლები არიან და არასოდეს - მსუქნები. რჩევა: ასეთ ბავშვებს თბილი და რბილი ტონები შეეფერებათ - ბაცი მწვანე, ყვითელი. ცივი ტონებიდან მათთვის მხოლოდ ლურჯია მისაღები. მთავარია, თავი ავარიდოთ კონტრასტს, მაგალითად, ლურჯისა და ყვითლის შეხამებას. ზაფხულის ბავშვები ოდნავ ჰგვანან ზამთრისებს - აქვთ ფერმკრთალი კანი, თხელი ძვლები, საშუალოზე ოდნავ ნაკლები სიმაღლე (გამონაკლისი იშვიათია), თვალები - ნაცრისფერი ან ბაცი ყავისფერი, ზოგჯერ - უფრო მუქიც, თმა - ღია ფერისა. რჩევა: მათ მიესადაგებათ ნებისმიერი ბაცი ფერი, აგრეთვე - მწვანე და წითელი. არ არის რეკომენდებული თეთრი, ნაცრისფერი, აგრესიული ფერები. სამწუხაროდ, ზაფხულის პატარებს ხშირად სწორედ ეს ფერები მოსწონთ. შემოდგომის ბავშვები ლამაზები არიან, განსაკუთრებით - ბიჭები. აქვთ მუქი კანი, თმა - უმეტესად ტალღოვანი და სხვადასხვაფერი, გარდა შავისა და მეტისმეტად ბაცი ქერასი, თვალებიც - ნებისმიერი ფერისაა, შავისა და მეტისმეტად ბაცის გარდა. აგებულება მკვრივი აქვთ, სიმაღლე - საშუალო ან ოდნავ მეტი. რჩევა: ამ ტიპის ბავშვებისთვის საუკეთესოა კაშკაშა და თბილი ფერები. არ არის სასურველი რადიკალური კონტრასტი. იდეალური კომბინაციაა ყავისფერი და მწვანე, ყვითელი და წითელი. შეუფერებელია შავი, თეთრი, იისფერი.

წარმატების ფერი

ზოგჯერ ჩვენ თავად ვვნებთ საკუთარ თავს, ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრების ნათელ მოვლენებს თამამად შევხვდეთ. მოდი, ნუმეროლოგიის დახმარებით ვიპოვოთ საკუთარი ფერი და გავიგოთ, როგორ შევუხამოთ იგი განწყობასა და სიტუაციას. თავდაპირველად გამოვთვალოთ დაბადების თარიღის ნუმეროლოგიური რიცხვი. ამისთვის დაბადების დღის, თვისა და წლის შემადგენელი ციფრები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა პასუხამდე დავიყვანოთ. მაგალითად, თუ დაბადების თარიღია 08.11.1974, უნდა ჩავატაროთ ოპერაცია 0+8+1+1+1+9+7+4=31; 3+1=4. ესე იგი, ჩვენი რიცხვია 4. ახლა ვნახოთ, რომელი ფერი შეესაბამება თითოეულ ციფრს.

1. თქვენ უდავოდ ლიდერი ხართ. თქვენი მიზანსწრაფულობისა და მნიშვნელობის ხაზგასმაში დაგეხმარებათ ყვითელი - მზის ფერი. ის იპყრობს ყურადღებას, შთაგვინერგავს ოპტიმიზმსა და საკუთარი თავის რწმენას, საშუალებას გვაძლევს, ბოლომდე დავიხარჯოთ ნებისმიერი ცხოვრებისეული პრობლემის მოსაგვარებლად. ნუმეროლოგები გვირჩევენ: თუ ყვითელი არ მოგწონთ, შეცვალეთ ის ღია ყავისფერით ან ოქროსფერით.

2. თქვენ ძალიან ტაქტიანი ბრძანდებით და მზად ხართ, მშვიდობისთვის მსხვერპლიც გაიღოთ. მხოლოდ ჰარმონიულ, მშვიდობისმოყვარე ატმოსფეროში გრძნობთ თავს კომფორტულად და წონასწორობის დაუკარგავად ცდილობთ წამოჭრილი სირთულეების გადაჭრას. თქვენთვის ყველაზე შესაფერისია ცისა და სისუფთავის ფერები - ცისფერი და ვარდისფერი. ამ ფერის ტანსაცმელში თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ, გარშემო მყოფებზეც პოზიტიურ გავლენას მოახდენთ.

3. ბუნებით ოპტიმისტი ხართ. იმპულსურობის შესამცირებლად ნუმეროლოგები იისფერს გირჩევენ. ის დაგეხმარებათ ცხოვრებისეული პოზიციის გამყარებაში, რადგან შეიცავს წითელს - ძალის მომცემ ფერს.

4. თქვენი მთავარი თვისება სანდოობაა. თქვენთვის წითელია რეკომენდებული. ის შეგმატებთ ძალასა და ენერგიას, ბიძგს მოგცემთ აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის დასაკავებლად და წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ. თუ ვარდისფერი უფრო მოგწონთ, ეს ნიშნავს, რომ არ გყოფნით რომანტიკა და სულიერი სითბო.

5. თქვენ ძალზე ცვალებადი, წინააღმდეგობრივი ხასიათი გაქვთ, ამიტომ ჯობს, ხშირად ატაროთ ნარინჯისფერი. ეს დაგეხმარებათ, კონცენტრირება მოახდინოთ მთავარზე და დაივიწყოთ წვრილმანები. ემოციურად დაძაბულ ვითარებაში ნარინჯისფერი კონფლიქტის განეიტრალებაში გვეხმარება, ზრდის მჭევრმეტყველებისა და შემოქმედებითი აქტივობის უნარს. ყურადღება მიაქციეთ ლურჯს - ის საშუალებას მოგცემთ, გამოავლინოთ საკუთარი ძალა, შეგმატებთ თვითრწმენას.

6. თქვენთვის საუკეთესოა მწვანე. ის ღირსების გრძნობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამასთან, მწვანე წარმატების სიმბოლოა. თუ ის არ მოგწონთ, ესე იგი გადაიღალეთ - დროა, თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ.

7. თქვენ მომთმენი და შრომისმოყვარე ხართ, მაგრამ დროდადრო მარტოობა და სიმშვიდე გჭირდებათ. გარე სამყაროსგან გამიჯვნასა და საკუთარი შინასამყაროს საიდუმლოებათა შენარჩუნებაში ნაცრისფერი დაგეხმარებათ. თუ მისი შავით შეცვლის სურვილი გაგიჩნდათ, ალბათ დამალვა ან დასახულ მიზანზე კონცენტრირება გინდათ.

8. თქვენი ხასიათის თავისებურებებს ხაზს უსვამს მწვანე და წითელი. ამ ფერების წყალობით გარშემო მყოფნი თქვენკენ ისწრაფვიან. თანდაყოლილი უნარების რეალიზაციისთვის ნუმეროლოგები ბრჭყვიალა ფერებს გირჩევენ.

9. თქვენ ფეთქებადი, მაგრამ მიზანსწრაფული ხართ. გაქვთ ნებისყოფა და გამბედაობა. სისხლში გაქვთ დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, მუდამ გჭირდებათ პაექრობა და შეჯიბრება.

თქვენზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ყავისფერი. ყველაზე უარეს სიტუაციაშიც კი ამ ფერის ტანსაცმელში თავს მშვიდად იგრძნობთ. წითელს კი უნდა ერიდოთ.  რასაკვირველია, ყოველივე ეს მეცნიერული მტკიცებულებებისგან შორსაა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, ზოგიერთი ავტორის მოსაზრება მკითხველისთვის გაგვეზიარებინა.