შევაჩეროთ ავადმყოფობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შევაჩეროთ ავადმყოფობა

- არსებობს ნიშნები, რომლებიც ადვილი შესამჩნევია და რომელთა უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ეს ნიშნებია უგუნებობა, ჭირვეულობა, უმადობა, მოთენთილობა, ადვილად დაღლა. თუ ამას დაერთო ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ტემპერატურის მომატება, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ავად ხდება.

- ავად ხდება, ესე იგი ჯერ ავად არ არის?

- დიახ, ავად კი არ არის, არამედ ავად ხდება. მათ შორის კი ის განსხვავებაა, რომ უკანასკნელ შემთხვევაში პროცესის შეჩერება შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის ზრუნვა პირველივე წუთიდან უნდა დავიწყოთ, რათა დაავადების განვითარება დასაწყისშივე შევაჩეროთ. გაციება იგივე ვირუსული რესპირატორული დაავადებაა, თუმცა ბევრს ის განსხვავებული ავადმყოფობა ჰგონია. ორგანიზში მოხვედრილი ვირუსის განადგურება რომელიმე ერთ წამალს - ტაბლეტს, ნემსს, წვეთებს - არ ძალუძს, თუმცა არსებობს მრავალი საშუალება, რომლებიც ინფექციას ფეხის მოკიდების საშუალებას არ მისცემს, გართულებებს თავიდან აგვაცილებს და ბავშვს 2-3 დღეში დააყენებს ფეხზე.

- რას საშუალებებს გულისხმობთ?

- უწინარესად - კვებისა და დღის რეჟიმის სწორად ორგანიზებას. ბავშვს დღეში 3-4-ჯერ დაალევინეთ ხილის ახალგამოწურული წვენი (თუ რომელიმე ხილის მიმართ ალერგია არ აქვს) ან წვენების ნარევი - მათ სიცხის დამწევი ეფექტიც აქვთ და მძლავრი ანტივირუსული აქტივობაც ახასიათებთ. ასეთი სამელები შეიცავს C ვიტამინის დარტყმით დოზას, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის მიერ სისხლში ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებების გადმოსროლას ასტიმულირებს, ეს კი დაავადების განვითარებას უშლის ხელს. შეგიძლიათ, მოამზადოთ ასეთი კოქტეილები:

  • აიღეთ 1 ცალი ფორთოხალი, 1 ცალი ლიმონი, 1 ცალი ვაშლი. გამოწურეთ, აურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ფორთოხლის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ გრეიპფრუტი.
  • აიღეთ 1 ცალი ჭარხალი, 1 ცალი სტაფილო და 1 ცალი ვაშლი, გამოწურეთ და აურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევს თაფლის დამატება არ სჭირდება.

C ვიტამინი ბევრია ასკილში. მისგან შეიძლება მოამზადოთ ასეთი ნაყენი: ჩაყარეთ თერმოსში 1 სუფრის კოვზი დანაყილი ასკილი, 1 სუფრის კოვზი გამხმარი პიტნა, 1 სუფრის კოვზი კარკადეს (ფარაონის ხის) ფოთოლი, 1 ნაჭერი ფორთოხალი ან ლიმონი და დაასხით 1,5 ლ მდუღარე წყალი. 40 წუთი გააჩერეთ, გადმოასხით ჭიქაში და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ასვით ბავშვს დღეში რამდენიმეჯერ. ძალიან სასარგებლოა ცოცხალი ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული ასეთი სასმელიც: ბლენდერში ჩაჭერით 1-2 ცალი ბანანი, ამდენივე ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ვაშლი, ჩაასხით 50 მლ ასკილის ნაყენი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. ათქვიფეთ და მიირთვით. ბავშვის რაციონი უმთავრესად რძემჟავა პროდუქტებისა და ქათმის ბულიონისგან უნდა შედგებოდეს. რძემჟავა პროდუქტები - მაწონი, იოგურტი, ხაჭო - აძლიერებს ბავშვის ორგანიზმის არასპეციფიკურ დაცვას. ქათმის ბულიონი ამინმჟავა ცისტეინის წყალობით ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი სეკრეტის გათხელებას, აიოლებს სუნთქვას და ხელს უშლის ბრონქიტის, ჰაიმორიტის, ოტიტის განვითარებას, თანაც ასეთი საკვები მსუბუქი და გემრიელია და პატარა მადის დაქვეითების შემთხვევაშიც კი არ იტყვის მასზე უარს. ბავშვს ნურაფერს დააძალებთ, მოუმზადეთ ის, რასაც თავად მოისურვებს. ეცადეთ, კერძები ლამაზად მორთოთ. უგაზო, ოთახის ტემპერატურის მინერალური წყალი მხოლოდ დასალევად კი არა, ყელში გამოსავლებად და ცხვირის გამოსარეცხადაც გამოგადგებათ. 2 მლ-იანი შპრიცი აავსეთ ნელთბილი წყლით და დღეში 2-3-ჯერ გამოურეცხეთ ბავშვს ორივე ნესტო. კარგია სოდიანი წყლის ორთქლის ინჰალაციები - ტუტე გარემო ხომ ვირუსებისთვის დამღუპველია. გირჩევთ აგრეთვე სალბის რძიან ნახარშს. ეს მცენარე შეიცავს სალვინს - ბუნებრივ ანტიბიოტიკს, რომელიც ხელს უშლის გართულებების განვითარებას. გაციების მეორე-მესამე დღეს სასუნთქი სისტემის ვირუსებს უერთდებიან ბაქტერიებიც. სწორედ ისინი იწვევენ ტონზილიტს, ბრონქიტს, ჰაიმორიტს, პნევმონიას, სამკურნალო სალბი კი მათ ამის საშუალებას არ მისცემს.

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი გამხმარი სალბი, დაასხით 100 მლ რძე, 10 წუთით წამოადუღეთ და გადაწურეთ, ხელახლა წამოადუღეთ, შეაგრილეთ და დაალევინეთ ბავშვს ძილის წინ.

- როგორ შევუმსუბუქოთ ჩივილები?

- თუ ცხვირიდან გამონადენი ჯერ არ აქვს, მაგრამ უჭირს ცხვირით სუნთქვა, პირღიას სძინავს და პირით სუნთქავს, ხშირად გაუკეთეთ ინჰალაცია. როცა ცხვირიდან გამონადენი დაიწყებს დენას, ლორწოსგან ცხვირის სწორად გასუფთავება ასწავლეთ. როცა პატარამ ცხვირის გასუფთავება არ იცის ან ვერ ახერხებს, იწყებს სრუტუნს, სეკრეტს უკან აბრუნებს და ყლაპავს. ლორწო ცხვირის დანამატ ღრუებსა და ევსტაქის მილში ხვდება, ეს კი სინუსიტისა და ოტიტის რისკს წარმოშობს. ცხვირის ღრუს გასასუფთავებლად ბავშვმა ცალ ნესტოზე თითი უნდა მიიჭიროს, მეორით კი ჩაბეროს და გარეთ გამოაძევოს ლორწო, შემდეგ თითი შეანაცვლოს. ცხვირში ჩასაწვეთებლად გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი.


თუ ექიმი სხვა წვეთებს გამოგიწერთ, გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ. სურდოს დროს ბავშვი ლორწოსთან ერთად სითხესაც კარგავს, ამიტომ ხშირად ასვით პიტნის, ცაცხვის ყვავილის, ლიმონიანი, ჟოლოს, მოცვის, მარწყვის მურაბიანი ჩაი. გაციებას ხშირად ერთვის ხმის ჩახლეჩა. ამ დროს ეცადეთ, ბავშვმა ნაკლები ილაპარაკოს, შესთავაზეთ, გეთამაშოთ ჟესტებით, მიმიკით - ასე უფრო ადვილად აიყოლიებთ, ვიდრე აკრძალვით. ნუ აიძულებთ ბავშვს ყელში რამის გამოვლებას ხმოვანი იოგების ანთების დროს - ხორხში წვეთი სითხეც არ მოხვდება, გამოვლების დროს წარმოქმნილი ბგერები ანთებით და შეშუპებულ ლორწოვანს უარესად გააღიზიანებს და გადაძაბავს ხმოვან იოგებს, რომელთათვისაც ასეთ დროს საუკეთესო წამალი მოსვენებაა. სასარგებლოა სამკურნალო ბალახების არომატული ორთქლის 5-10-წუთიანი ინჰალაცია ერთ-ორ საათში ერთხელ. ძალიან უხდება იოგებს კომშის გულებისა და ფოთლების თბილი კომპოტი. ხმის ჩახლეჩას მოჰყვება მშრალი ხველა, რომლის დროსაც უნდა გამოვიყენოთ იგივე საშუალებები: თბილი სასმელები, ინჰალაცია.

- როდის მივმართოთ ექიმს?

- შინ მკურნალობა უფრო მოხერხებულია, მაგრამ პედიატრის გამოძახება აუცილებელია, თუ:

  • ყველა ღონე იხმარეთ, მაგრამ ორი-სამი დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა;
  • ტემპერატურა ასცდა 38 გრადუსს და დაერთო გამოხატული ინტოქსიკაცია - საერთო სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, შემცივნება და კანკალი;
  • ყელში - ნადები, ხოლო ნუშურებზე თეთრი აფთები (წერტილები) გაჩნდა;
  • ცხვირიდან გამონადენი ან ნახველი მომწვანო-მოყვითალო გახდა და სისხლი შეერია;
  • შუბლისა და თვალბუდეების არეში თავი იჩინა ძლიერმა ტკივილმა, რომელიც თავის დახრისას ძლიერდება;
  • ბავშვს აქვს შემაწუხებელი ხველა, უჭირს სუნთქვა, სუნთქავს სტვენით.

ასეთ დროს ნუ დააყოვნებთ ექიმის გამოძახებას, ნუ გადადებთ მასთან ვიზიტს.