რა უფრთხობს პატარას ძილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უფრთხობს პატარას ძილს

- ცნობილია, რომ ბავშვი ძილში იზრდება. მაინც რამდენი უნდა ეძინოს მას?

- რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით მეტი სძინავს. ორ თვემდე ასაკის ჩვილს დღე-ღამეში 18-20 საათი უნდა ეძინოს, ოთხ თვემდე ასაკისას - 17-19 საათი, 6 თვემდე - 15-16 საათი, 7 წლამდე - 14-15 საათი. მნიშვნელოვანია, როგორ დავაწვენთ ბავშვს. ახალშობილს უნდა ეძინოს ზურგზე, უბალიშოდ. 12-16 თვემდე ბალიში საჭირო არ არის - მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტანდეგობაზე. ორი თვიდან შეგვიძლია დროდადრო გვერდზე გადავაბრუნოთ. თუ ჩვილს ძილის დროს თვალს ადევნებთ, შეამჩნევთ, რომ ხან იღიმება, ხან ტუჩებს აცმაცუნებს, ეცვლება გამომეტყველება. ეს ზედაპირული ძილია. ამ დროს მცირე ფაჩუნიც საკმარისია, რომ გამოეღვიძოს. ღრმა ძილის ფაზა ჩვილს ჩაძინებიდან 20-30 წუთის შემდეგ ეწყება. ამ დროს სუნთქვა თანაბარი აქვს, გამომეტყველება - მშვიდი, კიდურები - მოდუნებული, მტევნები - გაშლილი. ღრმა ძილს ისევ ზედაპირული მოჰყვება: სუნთქვა ხშირდება, ქუთუთოები თრთის, ხელები მუშტადაა შეკრული. ამ დროს ოთახში სიწყნარე უნდა იყოს, თორემ ბავშვს გაეღვიძება, გამოუძინებელი დარჩება და იჭირვეულებს.

- ყველაზე ხშირად რა უფრთხობს პატარას ძილს?

- ჩვილის უძილობის, ჭირვეულობის, ტირილის ყველაზე ხშირი მიზეზი ნაწლავთა ჭვალია. ესაა მოვლითი ხასიათის ტკივილი, რომლის შეტევებიც ორი-სამი კვირის ასაკიდან იწყება და სამ-ოთხ თვემდე გასტანს, მერე კი თავისთავად გაივლის. შეტევის დროს პატარას მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს, მერე კი სწრაფად შლის - თითქოს მიგვანიშნებს, რა სტკივა. ზოგს ჭვალი იშვიათად აწუხებს - კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მართავს “ღამის კონცერტს”, ზოგს კი ისე ხშირად, რომ მისი მშობლების ცხოვრება კოშმარს ემსგავსება.

- რა უწყობს ხელს კოლიკის განვითარებას?

- კვების ხასიათსა და კოლიკას შორის ასეთი დამოკიდებულებაა: ჩვილებს, რომლებიც დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზე არიან, უფრო მკვეთრად გამოხატული სპაზმური შეტევები აწუხებთ, ვიდრე ბუნებრივ კვებაზე მყოფთ. შესაძლოა იმიტომ, რომ ძუძუს წოვისას უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ დედასთან, რაც ტკივილს ამსუბუქებს, ხოლო ძილს უფრო მშვიდსა და უშფოთველს ხდის.

კოლიკის განვითარებას ხელს უწყობს:

  • ფსიქოსოციალური ფაქტორები: დედის სტრესული მდგომარეობა, არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და სხვა;
  • დედის მავნე ჩვევები - თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი;
  • დედის კვების რეჟიმი - პარკოსნები, კომბოსტო, ყურძენი, პომიდორი, ციტრუსები, ძროხის ცხიმიანი რძე, ტკბილი საკონდიტრო ნაწარმი თვით დედის ორგანიზმშიც წარმოქმნის აირებს და მასაც უქმნის დისკომფორტს, რძის მეშვეობით კი აირთა წარმოქმნის ხელშემწყობი ნივთიერებები ბავშვის ორგანიზმშიც ხვდება.

ამრიგად, ძუძუთი კვება ჩვილის მშვიდი ძილისთვის არ კმარა. დედამ თავადაც უნდა დაიცვას კვების სწორი რეჟიმი, მიირთვას ჯანსაღი, უვნებელი საკვები. ხშირად საჭიროა, დედამ და ჩვილმა ერთდროულად მიიღონ ფერმენტები, პრობიოტიკები, რათა პატარას მშვიდად ეძინოს.

- ხშირად მშობლები ჩივიან, რომ პატარას დღისით სძინავს, ხოლო ღამით თვალს არ ხუჭავს, არც არაფერი აწუხებს და თამაში უნდა. რით აიხსნება ეს?

- ეს შებრუნებული რეჟიმის დაავადებაა. თუმცა დაავადება ხმამაღალი ნათქვამია, ის უფრო სოციალური პრობლემაა. მისი წამალი არ არსებობს. ვითარების გამოსწორება თავად მშობლებმა უნდა შეძლონ, გააანალიზონ მდგომარეობა, გაერკვიონ და გამოსავალი იპოვონ.

- ზოგი ბავშვი ძილში ლაპარაკობს. რისი ბრალია ეს?

- ძილში ლაპარაკს მედიცინაში სომნოოფიას ვუწოდებთ. არსებობს რამდენიმე თეორია მის ასახსნელად. ერთი მათგანის თანახმად, ეს გადატანილი სტრესის, დადებითი თუ უარყოფითი ემოციის შედეგია. თუ ბავშვს ძილში ლაპარაკის გარდა არავითარი ნევროლოგიური გადახრა არ აღენიშნება, დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი მედიკამენტები საჭირო არ არის. ეცადეთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაასეირნოთ, შინ მშვიდი გარემო შეუქმნათ, ტელევიზორს, ვიდეოთამაშებს, კომპიუტერს მოარიდოთ, ძილის წინ კი ოთახი გაანიაოთ. სომნოლოგებმა, რომლებიც ძილსა და მის ფაზებს შეისწავლიან, დაადგინეს, რომ ადამიანი სწრაფი ძილის დროს ლაპარაკობს. თუ ბავშვი რამდენიმე ფრაზას წარმოთქვამს, მერე კი მშვიდად განაგრძობს ძილს, მშობლებს ვურჩევთ, მოეფერონ პატარას, ალერსიანი სიტყვები ჩასჩურჩულონ ისე, რომ არ გამოაფხიზლონ. ეს მეორე თეორიაა. თეორია მესამე - პატარა ბავშვისთვის, რომელიც ჯერ გამართულად ვერ ლაპარაკობს, ძილში წარმოთქმული სიტყვები და ფრაზები შესაძლოა ახალი გამოცდილებისა და ცოდნის გამოძახილი იყოს. მეოთხე მოსაზრების თანახმად, ძილში ლაპარაკი შესაძლოა ნერვული სისტემის პათოლოგიის ნიშანი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას თან უნდა ახლდეს სხვა ნიშნებიც.


- როდის არის საჭირო ექიმთან მისვლა?

- ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ, თუ ბავშვს ძილში ლაპარაკთან ერთად:

  • უწითლდება სახე;
  • მეტისმეტად ოფლიანდება;
  • უძლიერდება ნერწყვდენა;
  • ხედავს კოშმარებს, ყვირის;
  • აქვს მოხრჩობის შეტევები;
  • ახალგამოღვიძებული დიდხანს ვერ მოდის გონს, უჭირს გამოფხიზლება;
  • გონს მოსვლის შემდეგ ცნობიერება არეული აქვს.

მშობლებს ვურჩევთ, ნევროლოგთან მისვლამდე დააკვირდნენ:

  • რამდენად ხშირად ლაპარაკობს ბავშვი ძილში;
  • ცალკეულ სიტყვებს, ფრაზებს წარმოთქვამს თუ გრძელ ამბებს ჰყვება;
  • ერთი და იგივე თემა ხომ არ აქვს აკვიატებული;
  • გარკვევით ლაპარაკობს თუ არა;
  • რაზეც ძილში ლაპარაკობს, ნამდვილად მოხდა თუ მისი ფანტაზიის ნაყოფია.

ეს ინფორმაცია ექიმს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.

- არცთუ იშვიათია ძილში კბილების კრაჭუნიც. არსებობს თუ არა ამ დროს შეშფოთების საფუძველი?

- ძილში კბილების კრაჭუნი, თუ მას თან ახლავს პირღია ძილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, უზმოზე უსიამოვნო სუნი პირიდან, ჭიების არსებობას გვაეჭვებინებს. ჭიებით ინვაზიას აქვს კიდევ ერთი უსიამოვნო და უტყუარი ნიშანი - უკანა ტანის ქავილი. სხვა სიმპტომებია მოვლითი ტკივილი ჭიპის ირგვლივ, უმადობა, სიფითრე, წონის ცუდი მატება. უკანა ტანის ქავილი ღამით იჩენს თავს, როდესაც ჭია ორგანიზმს უკანა ტანიდან ტოვებს. ასეთ დროს მიმართეთ პედიატრს, ინფექციონისტს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია სწორი ჰიგიენური რეჟიმის დაცვაც.

- პირღია ძილი და ხვრინვა არც პატარებთანაა იშვიათი. რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ამან ბავშვს?

- ასეთი რამ ხშირია გაციების, სურდოს დროს, ამიტომ ყველა როდი აქცევს ყურადღებას, მაგრამ თუ ბავშვი ხშირად ცივდება და ხშირად აქვს გამონადენი ცხვირიდან, ნესტოების გარშემო კანი უწითლდება და ექერცლება, პირღია სუნთქავს, ხმაც შეეცვალა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ადენოიდებთან და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს მივმართოთ. ერთი შეხედვით, პრობლემა არ არსებობს - თუ ცხვირით სუნთქვა ჭირს, შეიძლება ვისუნთქოთ პირით, მაგრამ არც ასეა საქმე. როდესაც ცხვირით სუნთქვა შეუძლებელია, ორგანიზმი საჭიროზე 18%-ით ნაკლებ ჟანგბადს იღებს. ჟანგბადის სისტემატური დეფიციტი, უპირველესად, აზიანებს თავის ტვინს, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის ზოგად განვითარებაზე, შორს წასულ შემთხვევაში კი სმენის პრობლემები გამიწვიოს. ამავე დროს, იქმნება პირობები შუა ყურის ანთებისთვის. ადენოიდები საკმაოდაა გავრცელებული ბავშვებში, განსაკუთრებით - 3-დან 7 წლამდე, ბოლოდროინდელი დაკვირვებით კი, დაავადება ერთი წლის ბავშვებთანაც შეინიშნება.

- ძილის დროს შესაძლოა განვითარდეს აპნოეც. რა არის ეს და რითია საშიში?

- ხვრინვას ხშირად ახლავს თან აპნოე - სუნთქვის შეკავება, ეს კი ძალზე სერიოზული და დამაფიქრებელი მოვლენაა. ბავშვი ხვრინავს და უეცრად ერთბაშად წყვეტს სუნთქვას. ეს შესაძლოა რამდენიმე წამიდან 2-3 წუთამდე გაგრძელდეს. მოზრდილ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა ამდენი ხნით სუნთქვის შეკავება. თუნდაც ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ. სავსებით შესაძლებელია, ღამის განმავლობაში აპნოე 400-ჯერაც კი გამეორდეს. ამის გამო ბავშვი მუდამ გამოუძინებელია, ჭირვეულობს, ხშირად ავადმყოფობს, უქვეითდება მეხსიერება, ცუდად სწავლობს, აწუხებს კოშმარები. ყოველივე ეს კი ჟანგბადით ტვინის მომარაგების შემცირების შედეგია. თუ აპნოეს დროს სუნთქვის აღდგენა ვერ მოხერხდა, ვითარდება უეცარი სიკვდილის სინდრომი - პატარებს ისე ღრმად სძინავთ, რომ შესაძლოა, ჟანგბადით გაღარიბებულმა ტვინმა “ვეღარ გაიღვიძოს”.

- რას ურჩევთ მშობლებს, თუ მათი პატარა ხვრინავს? შესაძლებელია თუ არა მდგომარეობის შემსუბუქება?

- ხვრინვის მიზეზის დასადგენად და აღმოსაფხვრელად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. გარდა ამისა, გირჩევთ:

  • ბავშვს თავქვეშ ამოუდოთ პატარა ბალიში, რათა თავი წამოწეული ჰქონდეს;
  • ხშირად გაანიაოთ მისი საძინებელი ოთახი;
  • ავარჯიშოთ ნესტოები, რათა ჰაერმა ცხვირში უკეთ გაიაროს. ამისთვის ასუნთქეთ ჯერ მარჯვენა ნესტოთი, მარცხენა კი თითით დაუხშეთ, შემდეგ - პირიქით;
  • ძილის წინ მოარიდოთ ბავშვი აღმგზნებ, აქტიურ თამაშებს, ხმაურიან გარემოს, გამორთოთ ან ხმა დაუწიოთ ტელევიზორს;
  • წაუკითხოთ ან მოუყვეთ ძილის წინ ზღაპარს, უმღეროთ, რათა სასიამოვნო განწყობითა და ღიმილით ჩაეძინოს.

ბავშვს უნდა ეძინოს მისთვის განკუთვნილ საწოლში, რომელიც გამათბობლისაგან მოშორებით უნდა იდგეს. ლეიბი უნდა იყოს სწორი, ნატურალური მასალისა. ნუ ჩააცმევთ ბავშვს მეტისმეტად თბილად და ნუ დაახურავთ სქელ საბანს, რათა არ გაოფლიანდეს, არ გახურდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ საბანი თავზე არ გადაიფაროს. ძილის წინ გაუსუფთავეთ ნესტოები, სასუნთქი გზები. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაციებულია. გამოგადგებათ ფიზიოლოგიური ხსნარიც - ნესტოები ცხვირის ჩხირებით გამოუმშრალეთ და ჩააწვეთეთ.

- კიდევ რამ შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვს დაძინებაში?

- როცა ჯანმრთელობის პრობლემა არ არსებობს, ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი საწოლი ოთახის ზედმეტად თბილი და გამომშრალი ჰაერია. ეცადეთ, პატარას დღის განმავლობაში ძილი ოდნავ დააკლოთ. ჩვილმა დღის განმავლობაში - 6-დან ღამის 10 საათამდე - 3-4-ჯერ უნდა დაიძინოს. გირჩევთ, ერთი ძილი გამოატოვებინოთ, ოღონდ არა წინას გახანგრძლივების ხარჯზე. მაგალითად, თუ ბავშვს სამჯერ 2-2 საათი სძინავს, დააძინეთ ორჯერ, მაგრამ არა 3-3 საათით. თუ ძილი მოერია, გაართეთ, მაქსიმალურად გაუხანგრძლივეთ დრო მომდევნო დაძინებამდე და გააღვიძეთ 2 საათის შემდეგ. დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ენერგია დაახარჯვინეთ - ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, ავარჯიშეთ, ათამაშეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი ბევრ ენერგიას ხარჯავს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ ეცადეთ, მეტისმეტად თბილად არ ჩააცვათ. ნურც ოთახს გაუთბობთ ზედმეტად. ძილისთვის იდეალურია 18-20 გრადუსი ტემპერატურა და 60-70%-იანი სინოტივე. ძალიან კარგია ძილის წინ თბილი აბაზანაც. ყველამ იცის, რომ ძილში ბავშვი იზრდება, ინაზღაურებს დღის განმავლობაში დახარჯულ ენერგიას, მოზღვავებული ინფორმაციისგან ასვენებს ტვინს. ამდენად, მშვიდი, უშფოთველი ძილი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პირობაა.