ორსულობა და მასთან დაკავშირებული კვლევისა და მკურნალობის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და მასთან დაკავშირებული კვლევისა და მკურნალობის პრობლემები

- ამ პროცედურის დროს მიღებული გამოსხივება ორსულისთვის უსაფრთხოა, მაგრამ შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს მისი პაწიასთვის, განსაკუთრებით - მუცლადყოფნის ადრეულ ვადებზე, ამიტომ თუ ორსულობა დაგეგმეთ, რენტგენზე გასვლის წინ უმჯობესია დაელოდოთ მომდევნო ციკლს, რათა დარწმუნდეთ, რომ ორსულად ჯერ კიდევ არ ხართ. ამავე მიზეზით ქალებს ურჩევენ, დაორსულებამდე გაიარონ გამოკვლევები სტომატოლოგთან. ორსულობის დროს, კალციუმის ნაკლებობის გამო, კბილებმა შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტად დაიწყოს დაშლა, მკურნალობა კი რთულია. მანტუს დადებითი სინჯის შემთხვევაში, ასევე იმ სიმპტომების არსებობისას, რომლებიც ტუბერკულოზს გვაეჭვებინებს (ხველა 3 თვეზე მეტხანს, სისხლის არსებობა ნახველში, ღამის ოფლიანობა, წონის დაკლება და ცხელება), განურჩევლად ორსულობის ვადისა, ნაჩვენებია გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება აქტიური ფილტვისმიერი პროცესის გამოსავლენად. ამ მეთოდის მიმართ შიშმა შესაძლოა დაგვიანებულ დიაგნოსტიკამდე და შორს წასულ ტუბერკულოზურ პროცესამდე მიგვიყვანოს. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევისას იყენებენ სპეციალურ დამცავ საშუალებებს, რომლებიც ნაყოფის დაზიანებას მაქსიმალურად ამცირებს. ორსულობის დროს სიფრთხილის ზომების დაცვით ჩატარებული ფილტვის რენტგენოგრაფია ნაყოფისთვის საშიში არ არის. მეტი უსაფრთხოებისთვის სასურველია გამოკვლევა ჩატარდეს ორსულობის 12 კვირის შემდეგ ტყვიის შემცველი რეზინის წინსაფრის გამოყენებით. აკრძალულია ფლუოროგრაფია და რენტგენოსკოპია. ოპტიმალურია დაბალციფრული რენტგენოგრაფია, ნეფროტუბერკულოზის დროს - ექსკრეტორული უროგრაფია, ქრომოცისტოგრაფია, რეტროგრადული პიელოგრაფია.

- რას გვერტყვით ფიზიოთერაპიულ კვლევებზე?

- ორსულებისთვის დაუშვებელია ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა დროსაც გამოიყენება დენები და სხვა სახის ტალღოვანი ზემოქმედება. ელექტრული დენის ზემოქმედებით კუნთები ინტენსიურად იკუმშება, რამაც შესაძლოა ნაყოფის გამოძევება გამოიწვიოს.

- შეიძლება თუ არა მედიკამენტების მიღება ორსულობის დროს?

- ცნობილია, რომ ორსულობის დროს უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტი, მაგრამ ეს არ ეხება მას, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. ასეთმა ქალმა, როგორც კი გაიგებს, რომ ორსულად არის, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს - შესაძლოა, ამ პერიოდში მას სხვა პრეპარატის მიღება დასჭირდეს.

- როგორ მოიქცეს ორსული, თუ მედიკამენტების მიღება გადაწყვიტა?

- გაითავისეთ ერთი უბრალო წესი: ორსულობის დროს წამლის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან უვნებელი მედიკამენტი არ არსებობს. ღვიძლი და თირკმელები, რომლებიც პასუხს აგებენ მედიკამენტების გარდაქმნასა და ორგანიზმიდან გამოტანაზე, ორსულობის დროს განსხვავებულად მუშაობენ. ამის შედეგად მედიკამენტებისადმი მგრნობელობა იმატებს და ქალს შესაძლოა ალერგია განუვითარდეს. თითქმის ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტები. როდესაც ქალი ორსულად არის, წამალს მასთან ერთად იღებს მისი შვილიც. სწორედ ის უნდა დავიცვათ მედიკამენტების არასასურველი ზემოქმედებისგან. უპირველეს ყოვლისა, ერიდეთ თვითმკურნალობას. არჩევანი მიანდეთ სპეციალისტს: ექიმებმა კარგად იციან, რომელი წამლებია ნებადართული ნაყოფისთვის და რომელი - არა. გახსოვდეთ, ერთი და იგივე პრეპარატი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად მოქმედებს ნაყოფზე. ყველაზე მგრძნობიარე პერიოდი ორსულობის დასაწყისია. დღეს მედიკამენტების დიდი ნაწილი ამ კუთხით შესწავლილია და ანოტაციაში მითითებულიც არის, შეიძლება თუ არა მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, მაგრამ იმ პრეპარატებმაც კი, რომელთა მიღება ორსულობისას ნებადართულია, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მზარდ ნაყოფს. ამიტომ ვიდრე რომელიმე პრეპარატის მიღებას დაიწყებდეთ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

- რატომ მიიჩნევა ორსულობის დასაწყისი ყველაზე სათუთ პერიოდად?

- საქმე ის არის, რომ პირველი 6-8 კვირის განმავლობაში ემბრიონის სისტემების ფორმირება მიმდინარეობს და ზოგიერთ ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს განვითარების მანკი. გარდა ამისა, ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ იცავს საკუთარ თავს, მისი გამწმენდი სისტემები (ღვიძლი, თირკმელები) ჯერ კიდევ არ არის მზად, თავი გაართვას ამ ამოცანას. მე-16 კვირას უკვე ჩამოყალიბებულია პლაცენტა, რომელიც ბარიერულ ფუნქციას ასრულებს. ამის გამო ზოგიერთი პრეპარატი ვეღარ გადის ბავშვის ორგანიზმში. ამიტომაც მიიჩნევა, რომ ორსულობის მეორე ნახევარში მედიკამენტების მიღება ნაკლებად საშიშია, ვიდრე პირველში. მოდი, კონკრეტულ ჩივილებზე გადავიდეთ.


გაციებისა და ტკივილის დროს მისაღები მედიკამენტები

აცეტილსალიცილის მჟავა - ცნობილია, რომ ეს პრეპარატი არ იწვევს ბავშვებში განვითარების მანკებს, მაგრამ მისი მიღება არ შეიძლება სხვა მიზეზით: ისიც, სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, გავლენას ახდენს ბავშვის გულისა და თირკმელების მუშაობაზე. ამიტომ გაციებისა და თავის ტკივილის დროს უმჯობესია პარაცეტამოლი გამოიყენოთ. ანალგინი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრეპარატის მიღებას არ ურჩევს არც დიდებს, არც ბავშვებს და, მით უმეტეს, არც ორსულებს. საქმე ის არის, რომ ეს პრეპარატი ძალიან ვნებს სისხლს, მით უმეტეს - ნაყოფისას.

ხველის დროს მისაღები მედიკამენტები

- ხველის დროს უმჯობესია ხალხური, შინაური საშუალებები გამოიყენოთ. ორსულობის ნებისმიერ ვადაზე ნებადართულია თერმოფსისის მიქსტურა. მუკოლიზური საშუალებები ათხიერებს ნახველს და აადვილებს მის გამოყოფას. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ბრომჰექსინი (ბისოლვონი, ფლეგამინი, მუკოდექსი), ამბროქსოლი, ქიმოტრიფსინი. თუ ერთჯერადი ან სადღეღამისო დოზა არასაკმარისია, წამლის ეფექტი საგრძნობლად მცირდება. შემაწუხებელი ხველის დასაცხრობად რეკომენდებულია ალთეს ფესვების ნახარში. გახსოვდეთ: დაუშვებელია ორსულისთვის კალიუმისა და ნატრიუმის იოდიდის დანიშვნა, რადგან ამ ნივთიერებას აქვს ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაყოფის სიმახინჯეებს იწვევს. მკაცრად უკუნაჩვენებია კოდეინი და დიონინი - ისინი გადიან პლაცენტურ ბარიერს და თრგუნავენ ნაყოფის სუნთქვის ცენტრს. არ შეიძლება ორსულობისას 3%-იანი კალიუმის იოდიდის ხსნარისა და სოლუტანის გმოყენებაც. მწვავე ბრონქიტის ლიკვიდირება უმეტესად ანტიბაქტერიული საშუალებების გარეშეც შესაძლებელია. ანტიბიოტიკები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს.

ანტიბიოტიკები

- ნაყოფისთვის განსაკუთრებით უვნებელია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები. მათ რიცხვს ეკუთვნის აზლოცილინი, ამოქსიცილინი, აუგმენტინი, ამპიცილინი, პენიცილინი, სულტამიცილინი და სხვა. ორსულობის II ტრიმესტრიდან შეიძლება ცეფალოსპორინების (კლაფორანის, ტრიაქსონის და სხვა) გამოყენება. ისეთი ანტიბიოტიკები, როგორებიცაა სტრეპტომიცინი, ლევომიცეტინი და ტეტრაციკლინები, უკუნაჩვენებია მთელი ორსულობის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგაც. სტრეპტომიცინი არღვევს ნაყოფის ვესტიბულური აპარატის ფუნქციას; ლევომიცეტინი თრგუნავს მისი სისხლის წარმოქმნის პროცესს; ტეტრაციკლინსა და მის ანალოგებს აქვს ტერატოგენული მოქმედება, იწვევს სარძევე კბილების ჰიპოპლაზიას და ცვლის მათ ბუნებრივ შეფერილობას; სულფანილამიდურ პრეპარატებს შეუძლია ნაყოფის სიყვითლე გამოიწვიოს.

ბრონქული ასთმის დროს მისაღები მედიკამენტები

- მეთილქსანტინები ორსულთათვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჯგუფია. პროფილაქტიკისთვის ეუფილინის ტაბლეტებს უნიშნავენ, მძიმე ასთმური შეტევის დროს კი ეს პრეპარატი ვენაში შეჰყავთ. უკანასკნელ ხანს იყენებენ ხანგრძლივი მოქმედების მეთილქსანტინებს - თეოფილინის პრეპარატებს: თეოპაქსს, თეოტარდს. თეოფილინი აუმჯობესებს პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას.

- რას გვეტყვით ინტალისა და ჰორმონული პრეპარატების შესახებ?

- ინტალის მიღება ალერგიული ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისთვის ნებადართულია ორსულობის მე-12 კვირიდან. გახსოვდეთ: ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდები ნაკლებად საშიშია, ვიდრე ჰიპოქსემიის შედეგები. პრედნიზოლონით მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. ბრონქული ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებით ეფექტურია საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდები (ბეკოტიდი), რომლებიც სასუნთქ გზებზე ადგილობრივად მოქმედებს.

ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები

- ორსულს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას სიფრთხილე მართებს. არც ალერგიის საწინააღმდეგო წამლებია გამონაკლისი.

- შეიძლება თუ არა ყველაზე გავრცელებული პრეპარატის - დიმედროლის მიღება?

- შეიძლება, მაგრამ არა 50 მგ-ზე მეტი დოზით. დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა საშვილოსნოს ნაადრევი შეკუმშვა გამოიწვიოს. სიფრთხილეა საჭირო ორსულობის ბოლო კვირებში პრეპარატის მიღებისას - მოსალოდნელია, ახალშობილებში აღგზნება, გაღიზიანება, გულყრა გამოიწვიოს. დიმედროლი (და სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები) დედის რძეში მაშინაც კი გადადის, როცა ძალზე მცირე დოზით ვიღებთ. ეს ოდენობა სავსებით საკმარისია ბავშვებში არასასურველი ეფექტების გამოსავლენად. ფენკაროლის მიღება ნებადართულია ორსულობის მე-12 კვირიდან. შედარებით უსაფრთხოა დიაზოლინი - ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი ნაყოფზე აშკარა უარყოფითი ზემოქმედება არ შეინიშნება, თუმცა მისი მიღებაც სასურველია უკიდურეს შემთხვევაში, მცირე ხნით, მცირე დოზებით და აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით. სუპრასტინს ორსულებს უნიშნავენ მწვავე ალერგიული რეაქციების დროს. ტავეგილის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ალერგიული რეაქცია ორსულის სიცოცხლეს საფრთხეს უქადის, სხვა პრეპარატის გამოყენება კი შეუძლებელია. ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებით, ტავეგილი ახალშობილებში გულის მანკებსა და თათების დეფექტებს იწვევს. ალერტეკის გამოყენება ორსულობისას მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით შეიძლება, რადგან ნაყოფს ვნებს. არც პიპოლფენის მიღებაა რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. მეორე თაობის ანტიჰისტამინები - ცეტირიზინი (ზირტეკი, ზოდაკი, პარლაზინი) და ლორატადინი (ეროლინი, კლარიტინი, ლომილანი) - უკეთ მოქმედებს, ნაკლებ თანმხლებ ეფექტს იწვევს და ორსულისთვისაც და ნაყოფისთვისაც გაცილებით უვნებელია, თუმცა კლარიტინის მიღება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს, ანუ დედის ალერგიული მდგომარეობა ნაყოფს უფრო მეტ საფრთხეს უქადის, ვიდრე პრეპარატის მიღება. რისკს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი აფასებს. წამლის აქტიური ნივთიერება გადადის რძეში, ამიტომ მისი მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ასტემიზოლი ნაყოფზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. წინამორბედებზე უსაფრთხოა მესამე რიგის პრეპარატები. ფექსოფენადინის (ტელფასტი, ფექსადინი) მიღება ორსულისთვის მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, თუ მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს. ძუძუთი კვება პრეპარატის მიღებისას უნდა შეწყდეს.


წნევის დამწევი პრეპარატები

ორსულობისას იკრძალება:

  • რაუვოლფიას პრეპარატები - რაუნატინი, ადელფანი, კრისტეპინი;
  • აგფ-ინჰიბიტორები - კაპოტენი, ენალაპრილი, ენაპ-H;
  • შარდმდენები - ჰიპოთიაზიდი, ფუროსემიდი და სხვა.

ყველა სხვა მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

- ხშირად გვეკითხებიან კოსმეტიკური პროცედურების შესახებ...

- სახის გაწმენდა (ხელით და აპარატით) ორსულებისთვის ნებადართულია. მეტიც - ეს პროცედურა საჭიროც კია, რადგან ორსულობისას ზოგიერთ ქალს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა უძლიერდება. ჩვენ ნაკლებტრავმულ პროცედურებს გირჩევთ, რადგან ჩვეულებრივი მექანიკური, დაორთქვლით გაწმენდისას მაღალია კანის ტრავმირებისა და ინფექციის შეტანის რისკი. ძალიან კარგია სახისა და ხელების მასაჟი, განსაკუთრებით - ლიმფოდრენაჟული. იგი აუმჯობესებს ლიმფის დენას, ალაგებს შეშუპებას. ნიღბები მისაღებია, თუ ალერგიისადმი არ ხართ მიდრეკილი. გაითვალისწინეთ ეს როგორც შინაური რეცეპტით ნიღბის მომზადებისას, ისე მზა საშუალების შეძენისას. იყიდეთ ისეთი, რომელსაც აწერია "ჰიპოალერგიული". უხეში პილინგი ორსულებს, რასაკვირველია, ეკრძალებათ, მაგრამ რბილი - გლიკოლისა, ნუშისა და ენზიმური - ნებადართულია. რაც შეეხება სპას, ბევრი სალონი გვთავაზობს სპეციალურ პროცედურებს ორსულთათვის მომადუნებელი და მატონიზებელი მასაჟებით და საგანგებოდ შერჩეული არომათერაპიით. ფეხისა და ხელის პარაფინის აბაზანები კანს სინაზეს, სირბილეს უბრუნებს. ორსულებისთვის არ შეიძლება:

  • პერმანენტული მაკიაჟი. პირდაპირი უკუჩვენება არ არის ცნობილი, მაგრამ ორსულებს გაძლიერებული აქვთ ტკივილის აღქმა, პროცედურა კი მტკივნეულია, ხოლო მტკივნეულ პროცედურებს ორსულმა უმჯობესია თავი არიდოს - ეს ვნებს ნაყოფს.
  • ეპილაცია. სპეციალისტთა უმრავლესობა გვირჩევს, ორსულობის დროს ცვილისა და აპარატულ ეპილაციაზე უარი ვთქვათ - ისევ და ისევ მომატებული მგრძობელობის გამო.
  • სოლარიუმი. ორსულობის დროს კანი მიდრეკილია ჰიპერპიგმენტაციისკენ, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებამ კი შესაძლოა ტანსა და სახეზე ყავისფერი ლაქები გააჩინოს. გარდა ამისა, ტალღოვანმა ზემოქმედებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პაწიას.

- შეიძლება თუ არა ორსულისთვის თმის შეღებვა?

- ორსულის თმა დაუმორჩილებელია, ამიტომ შესაძლოა ვერ მიიღოთ ის ფერი, რომელსაც ელით. უამიაკო საღებავები ნაკლებმავნეა, მაგრამ მაინც არ გირჩევთ - რატომ უნდა გარისკოთ? არამც და არამც არ შეიძლება: მეზოთერაპია, ბოტოქსი, კონტურული პლასტიკა, ბიორევიტალიზაცია, ფოტოგაახალგაზრდავება. დაასრულეთ ძუძუთი კვება და - კი ბატონო.