ჩიყვი, ნევროზი და ფენაზეპამი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩიყვი, ნევროზი და ფენაზეპამი

უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩასუნთქვის გაძნელება ნევროზით არის გამოწვეული, რადგან ნევროზის დროს ხშირად აღინიშნება სხვადასხვა სახის სუნთქვითი დარღვევა, მაგალითად, სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ეუფლება (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სუნთქვა უხშირდება. აღმოცენდება სუნთქვითი არითმია - სუნთქვა ღრმავდება ან ზედაპირული, ხშირი, არათანაბარი ხდება. ამავე დროს თავს იჩენს თავბრუხვევა, რაც ქოშინთან ერთად განსაკუთრებით აფრთხობს ავადმყოფს.

დაწყნარების, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისა თუ გამოძინების შემდეგ ეს მოვლენები, წესისამებრ, ქრება. ნევროზის დროს ზოგჯერ ნევროზული სლოკინიც აღინიშნება.

ზოგადად, ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად ყოფენ: ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად.

ფსიქოპათოლოგიურია ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე - ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ანუ ნიშან-გამოვლინებათა ერთობლიობაა).

ნეიროსომატურია ვეგეტატიური აშლილობანი, ნევროზული დარღვევები გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, აგრეთვე - მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის (უმადობის) სინდრომი, თავის ტკივილები და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ხასიათის დარღვევები - გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, გუნება-განწყობის ლაბილურობა, ყურადღების კონცენტრირების შესუსტება, ძილის დარღვევები, ზოგჯერ დეპრესია და ფსიქიკური დარღვევებიც კი - შესაძლოა განპირობებული იყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა ტოქსიკური გავლენით.

ტოქსიკური ჩიყვის დიაგნოზი კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებს ეფუძნება. ამბულატორიულ პირობებში ხშირად ვხვდებით ტოქსიკური ჩიყვის ჰიპერდიაგნოსტიკას, რადგან ენდოკრინოლოგთან ხშირად ხვდებიან ნევრასთენიით ან ნეიროცირკულატორული დისტონიით დაავადებული პაციენტები.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს. არ არის აუცილებელი, ამ დროს ჯირკვლის ფუნქცია მომატებული იყოს ანუ ჭარბად გამოიმუშავებდეს შესაბამის ჰორმონებს. ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულიც კია.

ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ ლაბორატორიული გამოკვლევები ჰორმონთა დონის განსაზღვრისთვის.

რაც შეეხება ფენაზეპამს, ამ პრეპარატის თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება არ შეიძლება! ფენაზეპამი ფსიქოსედაციური-ტრანკვილიზური (ბენზოდიაზეპინის ჯგუფის) პრეპარატია. მისი ძირითადი კომპონენტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მაღალაქტიური ნივთიერებაა. აქვს კრუნჩხვების საწინააღმდეგო, მიორელაქსაციური (კუნთების მომადუნებელი) და სედაციური მოქმედება. ინიშნება ნევროზული, ფსიქოპათიური და მსგავსი ხასიათის დარღვევების დროს, რომლებსაც ახლავს შფოთვა, შიში, განგაში, მომატებული გაღიზიანებადობა და ემოციური ლაბილურობა.

ფენაზეპამი ეფექტურია ფობიების, ფსიქოგენური ფსიქოზების, პანიკური მდგომარეობების დროს. სხვა ბენზოდიაზეპინების მსგავსად, სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან, გადის ყველა - ჰემატოენცეფალურ, ქსოვილოვან და პლაცენტურ - ბარიერს. ბიოტრანსფორმაციას (მიკროსომული ფერმენტების გავლენით დაჟანგვას) განიცდის ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელებით. სისხლიდან კარგად შედის ცხიმოვან ქსოვილში, ტვინსა და ნაყოფის ორგანიზმში (ანუ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იოლად გადის პლაცენტურ ბარიერს).

მისი ტოქსიკური ეფექტებიდან აღსანიშნავია საერთო სისუსტე, ძილიანობა, მეხსიერების დარღვევა, დიპლოპია ანუ მხედველობის გაორება, თავის ტკივილი, გულისრევა, გამონაყარი, იმპოტენცია. ცნობილია, რომ ფენაზეპამის (საზოგადოდ, ბენზოდიაზეპინების) ხანგრძლივი (6 თვის განმავლობაში მაინც) მიღების შედეგად ვითარდება კუმულაცია (დაგროვება), წამალზე ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება და ტოლერანტობა ანუ შეჩვევა. ყოველივე ამის გამო დამოუკიდებლად, ექიმის დანიშნულების გარეშე, პრეპარატის მიღება, მეტადრე თვითნებურად შერჩეული დოზით, დაუშვებელია. აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს!