ქსოვილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქსოვილები

ეპითელური ქსოვილი

ეპითელური ქსოვილი სასაზღვრე ქსოვილია, ორგანიზმს გარედან ფარავს და შიგნიდან ამოფენს ღრუ ორგანოებსა და სხეულის ღრუებს (გამონაკლისია გული, სისხლძარღვები, რამდენიმე ღრუ). იგი წარმოქმნის ფარისებრ და საოფლე ჯირკვლებს, ღვიძლს, რომელთა უჯრედებიც მნიშვნელოვან სეკრეტებს გამოიმუშავებს. ეპითელური ქსოვილის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი უჯრედები საკმაოდ მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს, ამიტომ მასში უჯრედშორისი ნივთიერების წილი საკმაოდ მცირეა. ქსოვილს კარგად გამოხატული თვითაღდგენის, რეგენერაციის უნარი აქვს. იგი დამცავ, სეკრეტორულ და შემწოვ ფუნქციებს ახორციელებს. ორგანიზმში განსხვავებული ფორმისა და სისქის ეპითელური ქსოვილია: ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი გულმკერდისა და მუცლის ღრუს ამოფენს, მრავალშრიანი კი ქმნის კანის ზედაფენას - ეპიდერმისს. კანის მფარავი ეპითელიუმი სხეულს ინფექციებისა და გარეგანი დაზიანებისგან იცავს. ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი ამოფენს ნაწლავების დიდ ნაწილს, მრავალშრიანი ცილინდრული კი - ზედა სასუნთქ გზებს. ნაწლავების ამომფენი ეპითელიუმი გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, ლორწოსა და ჰორმონებს, იწოვს წყალსა და საკვებ ნივთიერებებს, სასუნთქი გზების ამომფენი კი გამოიმუშავებს ლორწოს, რომელთან ერთადაც ფილტვებიდან მტვერი და უცხო სხეულები გამოიდევნება. ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი ქმნის თირკმლის ნეფრონთა მილაკებს და მათ შეწოვისა და რეაბსორბციის უნარს განსაზღვრავს.

კუნთოვანი ქსოვილი

კუნთოვანი ქსოვილი ორგანიზმის შიგნით განხორციელებულ ყველა მოძრაობით აქტს, ადამიანის სხეულის ნაწილების სივრცეში გადაადგილებასა და ორიენტაციას განსაზღვრავს, რაც კუნთოვანი ქსოვილის მაღალი აგზნებადობისა და შეკუმშვითი უნარის დამსახურებაა. არსებობს სამი სახის კუნთოვანი ქსოვილი: გლუვი, განივზოლიანი და გულისა. განივზოლიანია ჩონჩხის კუნთები, ენის, პირის ღრუს კედლის, მიმიკური, ხახის, ხორხის, საყლაპავის ზედა ნაწილის კუნთები და დიაფრაგმა. განივზოლიანი კუნთების თავისებურება სწრაფი მოქმედება და ნებელობა (ანუ მათი ქმედება ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული), დიდი რაოდენობით ენერგიისა და ჟანგბადის მოხმარება და სწრაფი დაღლაა. გლუვი კუნთოვანი ქსოვილი ქმნის მილოვანი აგებულების ორგანოებს: საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, საშვილოსნოს, შარდის ბუშტს, სისხლისა და ლიმფურ ძარღვებს. მისი თავისებურება შეკუმშვის მცირე ძალა, უნებლიე მოქმედება, ხანგრძლივი ტონური შეკუმშვის უნარი, ძნელად დაღლა, ჟანგბადის და ენერგიის ნაკლებად მოხმარებაა. გულის კუნთოვანი ქსოვილი (მიოკარდი) განსაკუთრებული აგებულების ქსოვილია, იგი იკუმშება ავტომატურად და უნებლიეთ, გლუვი კუნთების მსგავსად. მიღებული ნერვული იმპულსი მრავალი მტკიცე კონტაქტის წყალობით სწრაფად ვრცელდება მიოკარდში, რაც მთელი კუნთის ერთდროულ შეკუმშვას, შემდგომ კი მის სრულ მოდუნებას უზრუნველყოფს. საბოლოო ჯამში ყოველივე ეს გულს ბუნებრივი ტუმბოს ფუნქციის სრულფასოვნად განხორციელების საშუალებას აძლევს.

შემაერთებელი ქსოვილი

შემაერთებელ ქსოვილს შინაგანი გარემოს ქსოვილსაც უწოდებენ. როგორც აგებულებით, ისე ფუნქციებით იგი საკმაოდ მრავალფეროვანია. რაგვარობის მიხედვით განირჩევა ფაშარი, ფიბროზული, ძვლოვანი, ხრტილოვანი, ცხიმოვანი ქსოვილები, მყესები, სისხლი და ლიმფა. მათი უჯრედები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულნი არიან და უჯრედშორისი ნივთიერებაც კარგად განვითარებული ცილოვანი წარმოშობის კოლაგენურსა და ელასტიკურ ბოჭკოებს უკავია. შემაერთებელი ქსოვილი ერთმანეთისგან უჯრედშორისი ნივთიერებით და შესაბამისად ფუნქციებითაც განსხვავდება. ძვლოვანი ქსოვილის უჯრედშორისი ნივთიერება მარილთა კრისტალებს შეიცავს, უპირატესად - კალციუმისა და მაგნიუმის ფოსფატებს, რაც მას განსაკუთრებულ სიმყარეს და სიმტკიცეს ანიჭებს, ამიტომაც იგი დამცავ და საყრდენ ფუნქციას ასრულებს. სისხლის უჯრედშორისი ნივთიერება პლაზმაა, მის ფუნქციას აირების, საკვები ნივთიერების, ჰორმონების და ცხოველქმედების პროდუქტების ტრანსპორტი წარმოადგენს. ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი ნივთიერება, რომლითაც ამოფენილია კანის კუნთებთან შეერთების ადგილი, სხვადასხვა მიმართულებით განლაგებულ ამორფულ, ელასტიკურ ბოჭკოებს წარმოადგენს. ამის გამო კანი მოძრავი და ელასტიკურია. ეს ქსოვილი დამცავ და კვებით ფუნქციებს ასრულებს. ცხიმოვანი ქსოვილი შეიცავს ცხიმის მარაგს, დიდი რაოდენობით წყალს. კანქვეშა ცხიმოვან შრეს სხეულის დამცავი როლი ეკისრება. ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილი იქ გვხვდება, სადაც სიმტკიცე, გამძლეობა და ელასტიკურობაა საჭირო. იგი კუნთების მყესებსა და სახსართა იოგებს ქმნის. ხრტილოვანი შემაერთებელი ქსოვილია გარეთა ყური, ცხვირი, მისი ძგიდე, ხორხი და ტრაქეა, ძირითადი ფუნქცია სტრუქტურათა ფორმის მუდმივობის შენარჩუნებაა, მალათაშუა ხრტილები მალების თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფენ.


ნერვული ქსოვილი

ნერვული ქსოვილისგან არის აგებული ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა: თავისა და ზურგის ტვინი, ნერვული კვანძები და წნულები, პერიფერიული ნერვები, რომლებსაც აგზნების, იმ ინფორმაციის მიღების, გადამუშავების, შენახვისა და გადაცემის უნარი შესწევთ, რომელსაც გარემოდან და თავად შინაგანი ორგანოებიდან იღებენ. ნერვული ქსოვილის ამ თვისებათა წყალობით ნერვული სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის რეაქციებს სხვადასხვა გამღიზიანებელზე, ახდენს ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის მუშაობათა რეგულაციასა და კოორდინაციას. ფუნქციათა მიხედვით განასხვავებენ შემდეგი ტიპის ნეირონებს: 1. მგრძნობელობითს (ცენტრისკენულს) - ისინი იღებენ აგზნებას რეცეპტორებიდან და ამის შესახებ თავის ტვინს მოახსენებენ; 2. მამოძრავებელს (ცენტრიდანულს) - ისინი ნერვულ სიგნალს ცენტრალური ნერვული სისტემიდან კუნთებს, ჯირკვლებს, ანუ პერიფერიაზე მდებარე სტრუქტურებს უგზავნიან; 3. ჩართულს - ცენტრისკენულსა და ცენტრიდანულ ნეირონებს შორის არიან მოთავსებულნი; 4. შერეულს - მათ აქვთ როგორც მგრძნობელობითი, ისე მამოძრავებელი ბოჭკოები.

რეგენერაცია

რეგენერაცია დაღუპულ უჯრედთა სანაცვლოდ ქსოვილების აღდგენაა. მის რამდენიმე ფორმას შორის უნივერსალურს უწოდებენ უჯრედშიდა რეგენერაციას, რადგან ამ დროს აბსოლუტურად ყველა ორგანო და ქსოვილი აღდგება. არსებობს უჯრედოვანი რეგენერაციაც. იგი მხოლოდ ზოგიერთ ქსოვილში ხდება: კანის ეპითელურში, ხრტილოვანში, ძვლოვანსა და ფიბროზულში. ნერვული და კუნთოვანი ქსოვილები მას არ ემორჩილება. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ, პათოლოგიურ, რეპარაციულ ანუ აღდგენით რეგენერაციებს. ფიზიოლოგიური რეგენერაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე გეგმურად მიმდინარეობს. მას მიეკუთვნება კანისა და ლორწოვანი გარსების მფარავი ეპითელიუმის მუდმივი თვითგანახლება. პათოლოგიური რეგენერაცია ქსოვილების პათოლოგიური ცვლილება და გადაგვარებაა. რეპარაციული ანუ აღდგენითი რეგენერაცია ასევე პათოლოგიის დროს მიმდინარეობს და უჯრედების, ქსოვილების ან მთელი ორგანოს აღდგენას ისახავს მიზნად. რეგენერაციის ხარისხზე მოქმედებს ზოგადი (ასაკი, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა, სისხლმბადი და იმუნური სისტემების მდგომარეობა) და ადგილობრივი (სისხლძარღვთა მდგომარეობა, ნეიროტროფიკა, ლიმფის მიმოქცევა, ორგანოთა და ქსოვილთა სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებები, დაზიანების მოცულობა) ფაქტორები.

აპოპტოზი - ქსოვილთა ფოთოლცვენა

აპოპტოზი ფიზიოლოგიური რეგენერაციის ფორმაა, რომლის დროსაც უჯრედთა დაპროგრამებული, გეგმური, რეგულაციური სიკვდილი მიმდინარეობს. იგი ერთგვარი პროცესია, რომლის დროსაც ზოგიერთი გარეგანი და შინაგანი ფაქტორის გავლენით აქტიურდება თვითგანადგურების სპეციალური გენეტიკური პროგრამა, რომელიც იწვევს ფუნქციადაკარგულ, ვირუსით, ტოქსინით, მაიონებელი გამოსხივებით დაზიანებულ, დეფექტიან უჯრედთა ქსოვილებიდან გეგმურ მოცილებას და განადგურებას. ეს მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ორგანიზმიდან პოტენციურად საშიში უჯრედების დროული მოცილება მათი ავთვისებიანი გადაგვარების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აპოპტოზის ხარჯზე ყოველდღიურად 50-დან 70 მილიარდამდე უჯრედი კვდება და ამდენივე ახალი იბადება. აპოპტოზი წინასწარ განსაზღვრული სიხშირითა და სიჩქარით მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ გარკვეულ ფაქტორთა გავლენით ტემპი ქვეითდება ან იმატებს. აპოპტოზის დაქვეითება უჯრედების დაგროვებას - სიმსივნურ ზრდას, გააქტიურება კი ქსოვილების ზომაში შემცირებას, მათ განლევა-ატროფიას იწვევს.

ნეკროზი - ქსოვილთა ძალადობრივი სიკვდილი

ქსოვილთა უჯრედები ზოგჯერ მავნე ფაქტორთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად იღუპებიან. პროცესს, რომლის დროსაც მავნე ფაქტორთა მოქმედების შედეგად უჯრედები სრულად წყვეტენ ფუნქციობას, ბიოქიმიურად და სტრუქტურულად შეუქცევადად იცვლებიან, ნეკროზი ეწოდება. ეს უჯრედების გენეტიკურად დაუპროგრამებელი და გაუთვალისწინებელი, არაგეგმური კვდომაა. ნეკროზს იწვევს ფიზიკური (ცეცხლსასროლი ჭრილობა, რადიაცია, ელექტრული დენი, დაბალი და მაღალი ტემპერატურა, გაყინვა და დამწვრობა), ტოქსიკური (მჟავები, ტუტეები, მძიმე ლითონთა მარილები, ფერმენტები), სამკურნალო პრეპარატები (ეთილის სპირტი), ბიოლოგიური (ბაქტერიები, ვირუსები, უმარტივესები), ალერგიული (ენდო და ეგზოალერგენები), სისხლძარღვოვანი (ინფარქტი - სისხლძარღვოვანი ნეკროზი), ნეიროტროფული (ნაწოლები, შეუხორცებადი ჭრილობები) ფაქტორები.

პათოლოგიური რეგენერაცია

ჰიპერრეგენერაცია, ჰიპორეგენერაცია,  მეტაპლაზია და დისპლაზია პათოლოგიური რეგენერაციის ტიპებია. ჰიპერრეგენერაცია მოჭარბებული აღდგენაა, მისი მაგალითია მოტეხილობისას ძვლოვანი კოჟრების, ტერფზე ძვლოვანი წანაზარდების, კელოიდური ნაწიბურების, ადენომის გაჩენა. ჰიპორეგენერაცია დაქვეითებული რეგენერაციაა. ის ორგანოსა და ქსოვილებში მიმდინარე ქრონიკული ანთების შედეგია, როდესაც სისხლძარღვოვანი და ნერვული კვების დარღვევის გამო ქვედა კიდურებზე ჩნდება ტროფიკული წყლულები, ვითარდება კუჭის წყლული, დიაბეტიანებში ძნელდება ჭრილობების შეხორცება და სხვა. მეტაპლაზია ქსოვილოვანი გადაგვარებაა, მაგალითად, ძვლის ყვითელი ტვინისა წითელ ტვინად, ხრტილოვანი ქსოვილისა ძვლოვანად. იგი ონკოლოგიური პროცესის წინამორბედი უჯრედების ფორმირებას უწყობს ხელს. დისპლაზია ქსოვილისთვის დამახასიათებელი უჯრედების ნაცვლად, ატიპური - განსხვავებული ფორმისა და ზომის, მსხვილბირთვიანი უჯრედების ფორმირებაა. განასხვავებენ დისპლაზიის სამ ხარისხს - მსუბუქს, ზომიერსა და მძიმეს. მძიმე დისპლაზიის დროს ქსოვილი მთლიანად ატიპურია, რაც დიაგნოსტირდება როგორც კიბო.

რეპარაციული რეგენერაცია

რეპარაციული რეგენერაცია შესაძლოა იყოს სრული და არასრული. სრულის დროს დეფექტის აღდგენა იდენტური ქსოვილით ხდება, არასრულის შემთხვევაში კი დეფექტი შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურით ნაცვლდება. ორგანიზმში ჭრილობის ან ტრავმის შედეგად ქსოვილოვანი დეფექტის - წყლულის გაჩენის შემდეგ მის ირგვლივ მდებარე ყველა ქსოვილი გაძლიერებულად იწყებს გამრავლებას, მაგრამ სრულ სიმწიფეს მხოლოდ შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები აღწევენ, დანარჩენები იღუპებიან, სწორედ ამიტომ რეგენერაციის შედეგად წარმოიქმნება დეფექტის აღმოსაფხვრელი შემაერთებელქსოვილოვანი - ფიბროზული ნაწიბური. დეფექტის ირგვლივ ფიბროზული ნაწიბურის ფორმირება რეგენერაციული პროცესის დასრულების მაუწყებელია.