თანამედროვე ოფისების მანკიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანამედროვე ოფისების მანკიერება

ღია ტიპის ოფისები პირველად აღმოსავლეთ ევროპაში გაიხსნა გასული საუკუნის 50-იან წლებში. მათ სწრაფად ჩაანაცვლეს პერსონალური მცირე კაბინეტები. ამის ძირითადი მიზანი იყო თანამშრომელთა ერთობლივი მუშაობა და შემოქმედებითი აზროვნება კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. აღმოჩნდა, რომ ამ იდეამ ვერ გაამართლა. მოდი, ეტაპობრივად განვიხილოთ ამის მიზეზები. უპირველეს ყოვლისა, ნეიროფიზიოლოგთა მონაცემებით (რომლებიც უამრავ კვლევას ეფუძნება), ღია სივრცის ტიპის ოფისში მომუშავეთა თავის ტვინში ძალიან ხშირად აღმოცენდება არასასურველი აქტივობა, რომელიც ხელს უშლის ამა თუ იმ კონკრეტული სამუშაოს შესრულებას. ეს განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში შეინიშნება, სადაც ადმინისტრაცია სამუშაო ადგილების დეპერსონალიზაციის ხაზს ატარებს და უკრძალავს თანამშრომლებს სამუშაო არეალის საკუთარი გემოვნებისამებრ მოწყობა-გაფორმებას. მიხვდით ალბათ - ამის მიზანი ის არის, რომ დასაქმებულს ყურადღება არ გაეფანტოს და მუშაობის პროცესში არ გადაერთოს სამუშაოსგან დამოუკიდებელ დეტალებზე. არადა, სიხარულის მომგვრელ ფოტოებსა თუ სხვა აქსესუარებზე მეტად მავნე, არასასურველი ფაქტორები უფანტავს დასაქმებულებს ყურადღებას, აქვეითებს მათ შრომისუნარიანობას. ექსეტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ცნობილი ფსიქოლოგი კრეიგ ნაიტი მიიჩნევს, არ შეიძლება, ადამიანს აუკრძალო სამუშაო ადგილის პერსონალიზაცია, საკუთარი გემოვნებისამებრ გაფორმება და მოწყობა, საყვარელი ფოტოებით თუ სხვა ნივთებით გალამაზება, ყვავილებით მორთვა - ამის წყალობით განწყობა სამუშაო მაგიდასთან მიახლოებისთანავე მაღლდება, ადამიანს დადებითი ემოციები ეუფლება და საქმესაც სიამოვნებით ასრულებს. ინტერიერი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, ხოლო შრომისუნარიანობა და, საზოგადოდ, შრომის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია შემსრულებლის განწყობასა და საქმიანობისას მის ემოციასთან. ეს ჰაერზე მოყვანილი დასკვნები არ გეგონოთ - ისინი გამყარებულია მეტად საინტერესო ფაქტებითა და მონაცემებით, თავად კრეიგ ნაიტის საინიციატივო ჯგუფის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებით. როდესაც ბრიტანეთის ორ დაწესებულებაში დასაქმებულებს ნება დართეს, სამუშაო ადგილი საკუთარი გემოვნებით გაელამაზებინათ, საყვარელი ნივთებით მოერთოთ, სამუშაო ვითარებაში მათი კომფორტის შეგრძნება 32%-ით გაიზარდა, ხოლო შრომისუნარიანობა - 15%-ით. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ დასაქმებულებს გაუჩნდათ სასურველ გარემოში მუშაობის, კომფორტულობის განცდა, დაეუფლათ ხალისიანი განწყობა და, აქედან გამომდინარე, სამუშაოზე კონცენტრირებაც უკეთ მოახერხეს. ღია ტიპის ოფისებს კიდევ ბევრი ნაკლი აქვს. მათ შორის უმთავრესი მშრომელთა ტვინის მუდმივი აგზნება და დაძაბულობაა, რომელსაც ხალხმრავლობით გამოწვეული მხედველობითი გაღიზიანება, ხმაური და სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორები იწვევს. ნეირობიოლოგი ჯეკ ლუისი აცხადებს: “როცა რაიმე სამუშაოს შესრულებას ცდილობთ, თქვენს ზურგს უკან კი ტელეფონი რეკავს, ყურადღება ნებისმიერ შემთხვევაში გეფანტებათ”. კონცენტრაციის დაქვეითებას იწვევს გარშემო მყოფთა უწყვეტი საუბარი, თუნდაც ჩურჩული, ცხვირცემინება, ხველა და სხვა სმენითი გამღიზიანებლები. შესაძლოა, თქვენ ამას ყურადღებას არ აქცევდეთ, მაგრამ თქვენი ტვინი ამაზე მუდმივად რეაგირებს, თქვენი ნერვული სისტემა ამას აღნუსხავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს თავის ტვინში განსაზღვრული აქტივობები აღმოცენდება. ყოველივე ეს ნეიროფიზიოლოგიური კვლევებით არის დამოწმებული. ყოველგვარი გამაღიზიანებელი, ყურადღების გამფანტველი ფაქტორის ზემოქმედებისას ტვინში ძლიერი იმპულსები ფიქსირდება, ეს კი საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ღია ტიპის ოფისში “დიდ ხმაურს” (თამაშრომელთა საუბარს, თუნდაც ჩურჩულს, სიცილს, ხველას და სხვა) “მცირე ხმაურიც” ემატება. ამ უკანასკნელს ფონად არსებული ტექნიკური ხმაური ქმნის. ის ყველა სამსახურში სერიოზული პრობლემაა - კომპიუტერისა თუ სხვა ელექტრომოწყობილობათა შიშინი, სისინი, სტვენა თუ ზუზუნი ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, ღლის გონებას. სწორედ ამ გამაღიზიანებელთა მუდმივი ზემოქმედების გამოა, რომ დღის ბოლოს ადამიანი დაღლილია, გამოფიტული, თავდამძიმებული. აღარაფერს ვამბობთ კონდიციონერებისა თუ სხვა მოწყობილობათა მავნე ზემოქმედებაზე - ისინი ხომ ხმაურთან ერთად ჰაერის დადებით იონიზაციასაც განაპირობებენ - დადებითად დამუხტულ ნაწილაკებს წარმოქმნიან, ამასთან, საგრძნობლად აქვეითებენ ჰაერში უარყოფითი იონების - აერონების რიცხვს, რაც მეტად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ღია ტიპის ოფისები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც საშიშია. ევროპაში ისინი თანამშრომელთა მასობრივი “გრიპიზაციის” გამოც დაიწუნეს. ცხადია, ინდივიდუალური კაბინეტებისგან განსხვავებით, ღია სივრცეში მრავალი ადამიანის ერთობლივი მუშაობისა და უფრო ახლო კონტაქტის გამო გრიპისა თუ სხვა დაავადების გავრცელების შანსი უფრო დიდია.


დასასრულს - მუდმივი დაძაბულობის გამომწვევი თვალთვალის შესახებ: ვიდეოკამერით დაკვირვებას ანუ “ხელოვნურ თვალს” ღია სივრცის ტიპის ოფისებში უამრავი ცოცხალი თვალიც ემატება და ადამიანი წამითაც არ აძლევს თავს მოდუნების საშუალებას. რომელ მოდუნებაზეა საუბარი მუშაობის დროსო, - შეიძლება აღმოხდეთ მკაცრ დამსაქმებლებს. მათ შევახსენებთ: ამ პრინციპით ვერასოდეს გაზრდით დასაქმებულთა შრომისუნარიანობას. დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებით, უკვე უამრავი რეკომენდაციაა მიღებული, როგორ უნდა შეისვენონ და მოეშვან გარკვეული დროით ცალკეულ დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: კომპიუტერთან მუდმივად მომუშავეებისა და, საზოგადოდ, მჯდომარე სამუშაოს შემსრულებლებისთვის მკაცრად არის რეკომენდებული საათში ერთხელ ადგომა და ამოძრავება. ეს მხოლოდ გავლა-გამოვლას კი არა, მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულებასაც გულისხმობს შინაგანი ორგანოებისა და ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების, ვენური შეგუბების თავიდან აცილების მიზნით. მხედველობის დამძაბველი სამუშაოს შემსრულებლებმა (კომპიუტერთან, მიკროსკოპთან და სხვა) დამატებით თვალების ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნონ, თვალის განტვირთვისთვის განკუთვნილი ვარჯიშებიც შეასრულონ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რჩევებისა თუ მითითებებისა, რომლებიც სხვადასხვა სახის სამუშაოს შემსრულებელთათვის დღეს უკვე კონკრეტულად არის გაწერილი. მოგეხსენებათ, საქართველოში ამას თითქმის არავინ ასრულებს. დაცინვის, ქილიკის, ჭორების შიშით თუ სხვა მიზეზით აზრადაც არ მოსდით სამუშაოს ათიოდე წუთით შეწყვეტა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მით უმეტეს, ადმინისტრაციამ ეს შესაძლოა დროის ფუჭად ფლანგვად მონათლოს, საუკეთესო შემთხვევაში საყვედური გამოუცხადოს, უარესში კი სამსახურიდან დაითხოვოს დაქირავებული. ოფისის თანამშრომელს ფეხები რომ დაუბუჟდეს, სკამზეც კი ვერ შემოაწყობს (თუნდაც ეს პოზა მუშაობაში ხელს არ უშლიდეს) - “ხელოვნური და ბუნებრივი” თვალები ამას უმალვე დააფიქსირებენ. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, რომ ჩაეძინოს! არადა თურმე ადამიანს ტვინი თუ ძილს სთხოვს, 10 წუთით მაინც უნდა ჩათვლიმოს - ძილთან ჭიდილი სერიოზულ პათოლოგიებს აძლევს დასაბამს. თვალის მოხუჭვას გვერდით მჯდომი კიდევ გაიგებს, დაიღალაო - შესაძლოა თანაუგრძნოს კიდეც კოლეგას, მაგრამ ვაითუ ბოსმა სამსახურიდან გაგდების განაჩენი გამოიტანოს?! ისეც ხდება, რომ ცნობისმოყვარე თვალებს გრძელი ენაც ემატება, ამიტომაც ყველა ცდილობს, ფრთხილად იყოს. რა ხდება საბოლოოდ? ის, რომ ადამიანი მთელი სამუშაო დღის განმავლობაში დაძაბულია, ზოგჯერ სულ არ უნდა, აწყენინოს, მაგრამ უნებურად გაღიზიანებული პასუხობს კოლეგის უწყინარ და თავაზიან კითხვას, დღის ბოლოს დაქანცული და გამოფიტულია და, როგორც იტყვიან, მკვდარი ბრუნდება სამსახურიდან. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ღია ტიპის ოფისი ვერ ამართლებს. დამსაქმებლებს კი, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც დასმენა, თვალთვალი, კონტროლი, ფაქტებით შანტაჟი და სხვა მანკიერებანი ჩვეულებრივი ამბავია, შევახსენებთ, რომ დასაქმებულთა და, საზოგადოდ, ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა კეთილშობილური საქმეა, თანაც ჯანმრთელი, არა მხოლოდ საქმის, არამედ სამსახურის მიმართაც დადებითად განწყობილი თანამშრომელი კი გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ადამიანი (თუნდაც მაღალი დონის პროფესიონალი), რომლისთვისაც სამსახური “ნევროზის ნაირსახეობაა” და რომელიც ყოველდღე ტანჯვით მიდის ოფისში.