როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად ექიმთან ვიზიტისთვის განკუთვნილი დრო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად ექიმთან ვიზიტისთვის განკუთვნილი დრო

ვიზიტისთვის მომზადება

ექიმთან ვიზიტისთვის მომზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა პირველ შეხვედრას გეგმავთ ან წინა ვიზიტიდან თითქმის წელიწადია გასული. მარტივი რჩევების წყალობით შეიძლება მაქსიმალურად ეფექტური გავხადოთ თქვენი შეხვედრა. ამისთვის ეცადეთ, წინასწარ შეადგინოთ გეგმა, რომელი პრობლემების შესახებ გსურთ საუბარი; გამოყოთ პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გაწუხებთ, ხოლო ახალი სიმპტომები ცალკე დააჯგუფოთ. არ დაგავიწყდეთ ვიზიტზე ადრე მიღებული დანიშნულების ან იმ მედიკამენტების წაღება, რომლებსაც ამჟამად იღებთ. ექიმმა უნდა იცოდეს, მკურნალობისას რამ გამოიღო დადებითი ეფექტი და რამ - უარყოფითი. უკანასკნელ შემთხვევაში თქვენგან მიღებული ინფორმაცია მას საშუალებას მისცემს, აღარ დაგინიშნოთ ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა მედიკამენტები. გაითვალისწინეთ, რომ ექიმს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია არა მარტო დანიშნული, არამედ თქვენ მიერ თვითნებურად მიღებული საშუალებების თაობაზეც. თუ ექიმთან მისვლამდე რამე გამოკვლევა ჩაიტარეთ, მისი პასუხიც თან უნდა წაიღოთ. ექიმისთვის სამედიცინო ჩანაწერი გაცილებით ინფორმაციულია, ვიდრე თქვენი ნაამბობი იმის შესახებ, რომ “ცვლილებები აღმოგაჩნდათ” ან “ყველაფერი რიგზე იყო”. ადრე ჩატარებული კვლევის შედეგები ექიმს საშუალებას მისცემს, ეფექტურად დაგეგმოს შემდგომი გამოკვლევა და თავიდან აგაცილოთ ფუჭი მანიპულაციები.

პაციენტის ჩაცმულობა

შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ვიზიტისთვის გამოყოფილი დროის ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის ჩაცმულობა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ექიმი (განსაკუთრებით კი - პირველი ვიზიტის დროს) აუცილებლად გაგიზომავთ წნევას. ამიტომ ეცადეთ, ისეთი ტანსაცმელი გეცვათ, რომელსაც ფართო სახელოები ექნება და წინამხრის გათავისუფლების საშუალებას მოგცემთ. საზოგადოდ, ჯობს, თუ ქალბატონი ბრძანდებით, ექიმთან ვიზიტის დროს ჩაიცვათ ქვედატანი და ფართო კოფთა ან სვიტერი, რათა ექიმს საშუალება ჰქონდეს, თავისუფლად მოუსმინოს ფილტვებს და გულს. ქვედა კიდურების გასასინჯად მოხერხებულია ფართოტოტებიანი შარვალი, რომელსაც ადვილად აიწევთ. მამაკაცებს ვურჩევთ, ჩაიცვან ფართო სვიტერი ან პერანგი, ნუ დაიმაგრებენ შარვალს აჭიმებით. თუ ექიმთან ზამთარში მიბრძანდებით, ეცადეთ, პალტო ან ქურთუკი კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ ჩაიცვათ. დღეს თითქმის ყველა კლინიკის მოსაცდელშია მოხერხებული სავარძელი, რომელშიც ჩაბრძანდებით და ექიმისგან მიღებულ რეცეპტებსა თუ მიმართვებს მშვიდად ჩაიწყობთ ჩანთაში და სარკე, რომელთანაც თავს მოიწესრიგებთ, რათა თქვენ შემდეგ რიგში მდგომ პაციენტს დიდხანს არ მოუხდეს ლოდინი. თუ ექიმს კანის ან ფრჩხილების პრობლემების გამო მიმართავთ, ნუ გამოიყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს.

დაავადების სიმპტომები

სიმპტომების მთელი წყება აუცილებელია დაავადების დიაგნოზის დასაზუსტებლად. მათ რიცხვს ეკუთვნის ტკივილი, ცხელება (ტემპერატურის მომატება 37 0ც-ზე მეტად), შეშუპება, წონის აუხსნელი კლება ან მატება, წნევის მომატება და ასე შემდეგ. ეცადეთ, ექიმს დეტალურად აღუწეროთ თქვენი სიმპტომები. მზად გქონდეთ პასუხები ექიმის შესაძლო კითხვებზე. ეს კითხვებია:

  • რა გაწუხებთ, როგორია სიმპტომი.
  • მუდმივია თუ არა ის, როდის იწყება და როდის ქრება, რამდენ ხანს გრძელდება, რამდენად ხშირია.
  • რა აძლიერებს ან ასუსტებს მას.
  • რამდენად იცვლება თქვენი შრომისუნარიანობა სიმპტომის ზეგავლენით.

სიმპტომთა დეტალური აღწერა ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ამ კითხვებს იმისთვის კი არ სვამს, რომ თქვენს გასასინჯავად უფრო ნაკლები დრო დაეხარჯოს, არამედ იმისთვის, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. რასაკვირველია, გასინჯვა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა ფასეულ მონაცემებს გვაწვდის, მაგრამ პაციენტთან გასაუბრებით მიღებულ ინფორმაციას ვერ ცვლის. დროის რაციონალური გამოყენების მიზნით ეცადეთ, ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია მხოლოდ თქვენი ჩივილების შესახებ. საყოფაცხოვრებო დეტალები (რა გითხრათ ამ დროს მეზობელმა, როგორ მოვიდა სასწრაფო, როგორ ჩაიცვით და ასე შემდეგ) არსებითი არ არის და მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ. ეცადეთ, ზუსტად უპასუხოთ ექიმის კითხვებს. გაითვალისწინეთ, რომ მისთვის სწორედ ეს ინფორმაციაა მნიშვნელოვანი და არა თქვენი ვარაუდი ავადმყოფობისა თუ მისი გამომწვევი მიზეზის შესახებ. ნუ გაოცდებით, თუ სიმპტომი, რომელიც თქვენ მნიშვნელოვანი გეგონათ (მაგალითად, კიდურის დაბუჟება ან წვივის ტკივილი ღამით) ექიმმა უმნიშვნელოდ მიიჩნია და პირიქით, იმ სიმპტომს მიაქცია ყურადღება, რომელსაც თავად ვერ გრძნობთ და არც კი გაწუხებთ (მაგალითად, მოციმციმე არითმია). ალბათ თქვენც იცით ზოგი რამ ამა თუ იმ სიმპტომის შესახებ, მაგრამ მაინც ჯობს, მათი ინტერპრეტაცია ექიმს მივანდოთ.

ძალიან მნიშვნელოვანი

სამწუხაროდ, არსებობს ცხოვრებისეული მოვლენები, რომლებსაც შეუძლია განსაზღვრულ მდგომარეობათა (დეპრესია, შფოთვა, ჰიპერტენზია...) პროვოცირება. არავინ გაიძულებთ, დაწვრილებით უამბოთ ექიმს თქვენი პირადი ცხოვრების დეტალები, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდოთ, რათა სწორად შედგეს მკურნალობის გეგმა. კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ: არც ერთ, თუნდაც ძალიან კარგ ექიმს არ შეუძლია, პასუხი გასცეს პაციენტის ყველა კითხვას. არის შემთხვევები, როცა ექიმი გპირდებათ, რომ საკითხს დააზუსტებს, მიმართავს კოლეგას, კონკრეტული დარგის სპეციალისტს.


რაციონალურად გამოიყენეთ დრო

თუ გსურთ, ექიმთან ვიზიტი ეფექტური იყოს, ეცადეთ:

  • იყოთ გულახდილი და გულწრფელი. ადვილია ექიმისთვის იმის თქმა, რისი გაგონებაც სურს. მაგალითად, იმისა, რომ ნაკლებს ან სულაც აღარ ეწევით, მიირთმევთ ნაკლებმარილიან საკვებს, დაიწყეთ ფეხით სიარული. ტყუილი არაფერს გარგებთ. ჯობს, სიმართლე თქვათ, რათა ექიმს მკურნალობის საუკეთესო გზის დასახვის საშუალება მიეცეს. მაგალითად, აღიაროთ, რომ სცადეთ, მაგრამ სიგარეტს თავი ვერ დაანებეთ.
  • გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. თუ რამდენიმე პრობლემა გაწუხებთ (რაც არცთუ იშვიათია), ჯობს, პირველი შეხვედრისას ყველა ჩამოთვალოთ, მაგრამ დეტალურად მხოლოდ რამდენიმე მათგანს შეეხოთ, დანარჩენების შესახებ დეტალური საუბარი კი მეორე ვიზიტისთვის გადადოთ.
  • ნუ დაშორდებით საქმის არსს. მართალია, ექიმი ყურადღებით გისმენთ, მაგრამ მას თქვენთვის მხოლოდ განსაზღვრული დროის დათმობა შეუძლია. დრო რომ არ დაკარგოთ, ეცადეთ ილაპარაკოთ მხოლოდ იმ საკითხზე, რომელსაც განიხილავთ.

ორიოდე სიტყვით შევეხებით ექიმთან ვიზიტისთვის მომზადებას რამდენიმე ფართოდ გავრცელებული დაავადების დროს.

ექიმთან ვიზიტი არტერიული ჰიპერტენზიის დროს

  • ჩაიცვით სათანადოდ - მოკლემკლავებიანი ან ფართოსახელოებიანი ბლუზა, რათა ექიმმა ადვილად შემოგახვიოთ მკლავზე წნევის აპარატის მანჟეტი.
  • ექიმის კაბინეტში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე შებრძანდით ტუალეტში – დაძაბვა, რომელიც თან ახლავს შარდის ბუშტის ან სწორი ნაწლავის დაცლის სურვლის, წნევის მომატებას იწვევს.
  • ნუ დალევთ ექიმთან ვიზიტის წინ კოფეინიან სასმელს (ყავას, კოკა-კოლას, ჩაის) - ისინი წნევის მატებას იწვევენ.
  • თან წაიღეთ იმ მედიკამენტების სრული ჩამონათვალი, რომლებსაც იღებთ. შეგიძლიათ, თავად მედიკამენტების ყუთები ან ფირფიტები წაიყოლოთ, რათა ექიმს მათ შესახებ სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნას. მიზეზი მარტივია - მრავალი მედიკამენტი (ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა) შესაძლოა წნევის მომატების მიზეზად იქცეს. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ არ არის რეკომენდებული დასახელებული საშუალებების შეწყვეტა ექიმთან შეუთანხმებლად.
  • გააკეთეთ ჩანაწერი, რომელშიც თქვენს ჩივილებს ჩამოთვლით. რასაკვირველია, არტერიული წნევის მომატება თავადაა სიმპტომი, მაგრამ მასთან ერთად შესაძლოა უჩიოდეთ ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვას, არასასიამოვნო შეგრძნებას და გულის არეში ტკივილს.
  • დააზუსტეთ, როგორია თქვენი გენეტიკა, ხომ არ ჰქონიათ თქვენს მშობლებს ან და-ძმას მაღალი წნევა, დიაბეტი, ხომ არ გადაუტანიათ ინსულტი, ინფარქტი.

მოემზადეთ, რათა უპასუხოთ ექიმის შემდეგ კითხვებს:

  • ხომ არ აქვთ ან ხომ არ ჰქონიათ თქვენი ოჯახის წევრებს მაღალი წნევა? ხომ არ გადაუტანიათ ინფარქტი, ინსულტი?
  • როგორ იკვებებით?
  • რამდენად აქტიური ხართ ფიზიკურად?
  • იღებთ თუ არა ალკოჰოლიან სასმელებს და რამდენს?
  • ეწევით თუ არა?
  • რა ციფრებს შორის მერყეობს თქვენი წნევა?

ექიმთან ვიზიტი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს

  • წინასწარ დაადგინეთ, ხომ არ იქნება საჭირო ვიზიტის შემდეგ სისხლის ჩაბარება გამოკვლევისთვის. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია, ექიმთან მშიერი გამოცხადდეთ, გამოკვლევამდე არ მიიღოთ საკვები, მედიკამენტები.
  • ჩამოწერეთ ყველა სიმპტომი და თან წაიღეთ ჩანაწერი. ეს იმ სიმპტომებსაც ეხება, რომლებსაც სრულიადაც არ უკავშირებთ შაქრიან დიაბეტს.
  • ჩამოწერეთ ყველა კითხვა, რომელთა ექიმისთვის დასმაც გსურთ.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს ექიმს უნდა დაუსვათ შემდეგი კითხვები:

  • რამდენად ხშირად უნდა გაიზომოთ გლუკოზის დონე;
  • როგორია გლუკოზის სამიზნე (სასურველი) ციფრები;
  • რა ცვლილებები უნდა შეიტანოთ რაციონში;
  • როგორი უნდა იყოს ფიზიკური დატვირთვა;
  • როგორ უნდა ამოიცნოთ შაქრის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს;
  • როგორ ვლინდება შაქრის მაღალი დონე.

თქვენი მხრივ, მოგიწევთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • რომელ პრეპარატებს იღებთ ამჟამად და რა დოზით?
  • გქონიათ თუ არა ჰიპოგლიკემიის ნიშნები?
  • როგორია თქვენი კვება, მაგალითად, ბოლო 2-3 დღის განმავლობაში (ჯობს, თან იქონიოთ ჩანაწერი)?
  • როგორია თქვენი ფიზიკური დატვირთვა დღის განმავლობაში?
  • როგორი იყო გლუკოზის მაჩვენებლები ბოლო შემოწმების დროს (ჯობს, თან იქონიოთ ჩანაწერი)?

იმედი გვაქვს, ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, ზედმიწევნით რაციონალურად გამოიყენოთ ექიმთან ვიზიტისთვის განკუთვნილი დრო და თქვენთვის აუცილებელი ინფორმაცია მიიღოთ.