არამედიკამენტური ანტიმიკრობული საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არამედიკამენტური ანტიმიკრობული საშუალებები

აღნიშნული საშუალებები, მიუხედავად ანტიბიოტიკების ფართო არჩევანისა, დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას. ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ალბათ ის არის, რომ ბუნებისგან ბოძებული წამლები არ იწვევენ გართულებებს, არ ავლენენ უარყოფით გვერდით მოვლენებს და არ ვნებენ ადამიანის ორგანიზმს. გთავაზობთ ზოგიერთი მათგანის შესახებ მოკლე ინფორმაციას:

თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ნატურალური თაფლი წლობით ინარჩუნებს კვებით თუ სამკურნალო თვისებებს, არ ობდება და არ ლპება. ეს თავისებურებანი ოდითგან ამყარებდა იმ აზრს, რომ თაფლი მდიდარია ანტიმიკრობული ნივთიერებებით. სწორედ ამიტომ ფუტკრის ეს ძვირფასი პროდუქტი უძველესი დროიდან გამოიყენება ჩირქოვანი (ინფიცირებული) ჭრილობების სამკურნალოდ.

დღეს უკვე ცალკეული მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილია თაფლის როგორც ბაქტერიოსტატიკური, ასევე ბაქტერიოციდული მოქმედება. თაფლის ანტიმიკრობული მოქმედება მიმართულია გრამდადებითი კოკების (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები), ბაქტერიების (დიფტერიული მიკრობი) და ბაცილების (Bac. anthracis, Bac. Mesentericus) წინააღმდეგ. გრამუარყოფითი ბაქტერიები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. ამ თვალსაზრისით ყველაზე გამძლეა კოლიბაქტერია. ამ და ზემოხსენებულ სხვა ბაქტერიებზე თაფლი მხოლოდ ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას ავლენს.

როგორც გაირკვა, ნატურალურ თაფლს პროტისტოციდული მოქმედებაც აქვს, ანუ ის დამღუპველად მოქმედებს ცხოველური წარმოშობის ერთუჯრედიან ორგანიზმებზე - უმარტივესებზე (ამება, ინფუზორია და სხვა). ზოგიერთი მათგანი ადამიანისთვის სრულიად უვნებელია, ზოგიერთი კი ადამიანისა და ცხოველთა სერიოზულ დაავადებებს იწვევს.

თაფლში ნაპოვნია მფრინავი ანტიპროტოზოული ნივთიერებებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნების ეს საოცრება ანტიპროტოზოული თვისებებითაც ხასიათდება. ის არა მხოლოდ აჩერებს გარკვეული სახეობის უმარტივესების განვითარებას, არამედ ანადგურებს მრავალ მათგანს, კერძოდ, დამღუპველად მოქმედებს ტრიქომონაზე (Trichomonas vaginalis), რომელიც ქალებში კოლპიტის (საშოს ანთების) ხშირი გამომწვევია.

ჩაის სოკოს ანტიბაქტერიული თვისებები

ჩაის სოკოს მაგარი (დაახლოებით ათი დღის ან უფრო მეტი ხნის) ნაყენი ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფიცირებული ჭრილობებისა და კანის ჩირქოვანი დაავადებების მკურნალობისას. ცნობილია, რომ კანის ჩირქოვან ინფექციებს სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმი (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი) იწვევს, რომლებიც ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული. მიკროორგანიზმები უხვად მოიპოვება ჯანმრთელი ადამიანის კანზეც. განსაზღვრულ პირობებში (ნაკაწრი და ნაჩხვლეტი ჭრილობა, მწერის ნაკბენი, ბასრი იარაღით კანის გაჭრა-დაზიანება, თუნდაც მიკროტრავმა) მათ უნარი შესწევთ გამოიწვიონ ჩირქოვანი დაავადება.

ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედების წყალობით ჩაის სოკოს ნაყენს შეუძლია როგორც მცირე ზომის ჩირქგროვების, ასევე დაინფიცირებული ჭრილობების მკურნალობა. დადგენილია, რომ მიკროორგანიზმებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ ამ ნაყენთან ადაპტირება, რის გამოც მათი ვირულენტობა ქვეითდება. ინფექციამ უკან რომ დაიხიოს, საკმარისია სულ სამი-ოთხი პროცედურა (ნაყენი გამოიყენება სავლების, ტამპონების, საფენების და სხვა სახით).

გრიპის სამკურნალო ხალხური რეცეპტები

  • აიღეთ 3-4 კბილი ნიორი, წვრილად ჩახეხეთ და დაამატეთ 2 სადილის კოვზი თაფლი. მიირთვით თითო ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ. აუცილებლად მიაყოლეთ თბილი წყალი.
  • აიღეთ სამი სადილის კოვზი ტუხტის გამხმარი (გამომშრალი), დაქუცმაცებული ფესვი. დაასხით 3 ჭიქა გადადუღებული ცივი წყალი, 10-12 საათი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ მეოთხედი ჭიქა.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით წყალნაწყენის ბალახი, შავი მოცხარისა და ვირისტერფას ფოთლები (კარგი იქნება, თუ კრაზანას ბალახსა და გვირილის ფოთლებსაც დაამატებთ). წვრილად დაქუცმაცებული მცენარეების 20 გრამ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე (ნუ აადუღებთ). შემდეგ ჩაასხით თერმოსში და 1-1,5 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და დაამატეთ თაფლი გემოვნებით. ნაყენი მიირთვით თბილი ან შედარებით ცხელი, ყოველ სამ საათში ერთხელ დაავადების პირველი 2-3 დღის განმავლობაში.

ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს შემდეგ მცენარეებს:

  • ევკალიპტს, რომელიც გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება ზედა სასუნთქი გზების, აგრეთვე ქალის სასქესო ორგანოთა დაავადებების დროს, ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ;
  • ბამბის ბუჩქს, რომლის თესლისგან მომზადებულ ნაყენს აქვს ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ახორცებს ჭრილობებს.
  • ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა აგრეთვე ციმბირული სოჭი, სალბი, ნიორი, ხახვი, ყვითელი დუმფარა და უამრავი სხვა მცენარე.