მივიღოთ თუ არა ბიოაქტიური დანამატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მივიღოთ თუ არა ბიოაქტიური დანამატები

- ქალბატონო მზია, ცნობილია, რომ საკვები ნივთიერებების ნაკლებობა დაავადებებს იწვევს. ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ალბათ საკმაოდ ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღება მოგვიწევს. განა უფრო ადვილი არ იქნება, გამოვიყენოთ მინერალური, მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის კონცენტრირებული სასარგებლო ნივთიერებები?

- ნორმალური, დაბალანსებული კვება სავსებით უზრუნველყოფს ადამიანს მისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და სხვა ნივთიერებებით. არსებობს მოსაზრება, რომ ყველა ბადი „აბსოლუტურად ნატურალური“ საშუალებაა. საზოგადოებრივი აზრი იმისკენ იხრება, რომ ნატურალური წამლები უვნებელია, თუმცა სწორედ „მწვანე აფთიაქი“ ამარაგებს კაცობრიობას კოკაინით, ოპიუმით... ბადებს შორის არის ქიმიური სინთეზის პროდუქტებიც. გარდა ამისა, ნებისმიერი ნატუროპათი გეტყვით, რომ მცენარეებს, ისევე როგორც წამლებს, აქვს ეფექტები და უკუნაჩვენებია ამა თუ იმ დაავადების დროს. ამ პრეპარატების ბაზარი ჩვენს ქვეყანაში ძალიან სწრაფად იზრდება.

- როგორ ავირჩიოთ ბადი?

- კვებითი დანამატი არ არის წამალი, ის საპროფილაქტიკო საშუალებაა. არ მოითხოვს სპეციალურ სერტიფიკატს, არ გადის სპეციალურ გამოცდას, როგორც წამალი, თუმცა მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში. მისი მეშვეობით შესაძლებელია სასარგებლო ნივთიერებების უკმარისობის კომპენსირება, რაც მნიშვნელოვანია მომატებული ნერვული და ფიზიკური დატვირთვისას. დანამატის შერჩევისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია - ის ობიექტურად შეაფასებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გააანალიზებს ან დანიშნავს აუცილებელ ლაბორატორიულ და კლინიკურ კვლევებს და დაადგენს, რა აკლია ორგანიზმს, გაარკვევს პაციენტს უკუჩვენებებში და გაესაუბრება შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენში მიღებულია თვითნებური დიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა, რომელსაც ზოგჯერ სავალალო შედეგები მოაქვს. პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ სარეკლამო სლოგანებს „ძველებური ტიბეტური რეცეპტი“, „ჩინური (აღმოსავლური) მედიცინის ტრადიციები“ და ა.შ. არავის შეუცვლია მედიცინის ოქროს წესი, რომ ორგანიზმი ყველაზე უკეთესად ითვისებს იმ პრეპარატებს, რომელთა ინგრედიენტებიც მის საცხოვრებელ არეალშია მოპოვებული. ჩვენმა ორგანიზმმა შესაძლოა ვერც კი მიიღოს ამა თუ იმ პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ეგზოტიკური კომპონენტი.

- რა და რა სახისაა ბიოაქტიური დანამატები?

- ბადები სამ ჯგუფად იყოფა:

  • ნუტრიცევტიკებად, რომლებიც შეიცავს საკვებ ნივთიერებებს: ვიტამინებს, მინერალებს, ცხიმოვან მჟავებს, ოლიგოსაქარიდებსა და ამინმჟავებს;
  • პარაფარმაცევტიკებად. ისინი უმეტესად მცენარეული წარმოშობისაა. მათ ძირითადად სამკურნალო მცენარეებისგან ქმნიან და ფარმაკოლოგიური მოქმედება ახასიათებთ;
  • ეუბიოტიკებად ანუ პრობიოტიკებად. ეს არის ბადების ჯგუფი, რომელიც შეიცავს ჩვენს ნაწლავებში არსებულ მიკროორგანიზმებს და აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის.


- რა მიზანი აქვს ბიოაქტიური დანამატების მიღებას?

- ცნობილია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და განწყობა მიღებული საკვებისა და წყლის ხარისხზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, საკვებით ყოველთვის ვერ გვაწვდის ყველა საჭირო ნივთიერებას, ყოველთვის არ ვიკვებებით სწორად, ამიტომ ვცდილობთ, ეს დანაკლისი ვიტმინებითა და ბიოაქტიური დანამატებით შევივსოთ. ბადი ორგანიზმს ეხმარება, წამლების გარეშე გაუმკლავდეს მსუბუქ მდგომარეობებს, ანელებს ორგანიზმის დაბერებას, ამცირებს ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკს, ზრდის შრომის უნარს, ორგანიზმის გამძლეობას, ააქტიურებს დამცველობით ფუნქციებს. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის მდგომარეობის შენარჩუნებას ფიზიოლოგიური ნორმის პირობებში ანუ ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების და არასასურველი პირობებისადმი წინააღმდეგობის უნარის ზრდას. აი, ეს არის ბიოდანამატების ძირითადი დანიშნულება. ჩვენთან კი დანამატებს სამკურნალო მიზნით იღებენ. მთელი ცივილიზებული სამყარო ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დაავადების პროფილაქტიკას, რადგან მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში თვითმკურნალობას მივმართავთ. ბიოაქტიური დანამატები წამლები არ არის, მათი მეშვეობით ავადმყოფობისგან ვერ განვიკურნებით.

- გვერდითი ეფექტები თუ აქვს ბიოაქტიურ დანამატებს? მათ შემადგენლობაში ხომ ორგანიზმზე მოქმედი აქტიური ნივთიერებების კომპლექსი შედის?

- ბიოაქტიური დანამატების მოხმარებისას უნდა გავითვალისწინოთ ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციები. ბიოდანამატები იმით გამოირჩევა, რომ მათი მიღება უფრო ხანგრძლივად არის საჭირო, ვიდრე სამკურნალო საშუალებებისა, თუმცა არსებობს შეზღუდვები.

- როგორ არ შევცდეთ ბიოდანამატების შეძენისას?

- იმისთვის, რომ შევიძინოთ და მივიღოთ ნამდვილად სასარგებლო ბიოდანამატი, რამდენიმე რჩევა უნდა გავითვალისწინოთ:

  • ბიოდანამატები შევიძინოთ მხოლოდ აფთიაქებში ან სპეციალიზებულ მაღაზიებში;
  • თუ მაინც გადავწყვეტთ ქსელურ გამავრცელებლებთან ბიოდანამატის შეძენას, პრეპარატზე არსებული ინფორმაცია გადავამოწმოთ ექიმთან;
  • დავადგინოთ პრეპარატის მწარმოებელი და შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ მის შესახებ;
  • არასოდეს შევიძინოთ ბიოდანამატი, რომელიც „ყველა დაავადებას კურნავს“;
  • გვახსოვდეს, რომ ქრონიკულ დაავადებებს ბიოდანამატებით ვერ ვუმკურნალებთ;
  • ვეცადოთ, არ შევიძინოთ დანამატი, რომელიც ბევრ ინგრედიენტს შეიცავს, მეტადრე - თუ მის შემადგენლობაში ეგზოტიკური მცენარეებიც შედის;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბიოდანამატებს აქვს უკუჩვენებაც და ყურადღებით წავიკითხოთ ინსტრუქცია.

- ამრიგად, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი საშუალებებია?

- დიახ, ასეა. შეიძლება მათი მიღებაც გამოჯანმრთელების პერიოდში.

- როგორ უნდა მივიღოთ ბადი?

- ჩვეულებრივ, დანამატებს უნიშნავენ სამთვიან კურსებად, მაგრამ ყველა მათგანს მიღების თავისი წესი აქვს, ამიტომ მკურნალობის წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და დაიცავით დოზა. თუ დანამატის მიღებამ რაიმე გვერდითი მოვლენა გამოიწვია, ბადის მიღება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და მიმართეთ ექიმს.