ვესტიბულური აპარატის დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვესტიბულური აპარატის დარღვევები

ვესტიბულური აპარატის დარღვევის სიმპტომები

ყველაზე ხშირად ამ სიმპტომების სათავე შიგნითა ყურის, ქალას უკანა ღრმულის, წინაკარ-ლოკოკინას ნერვის ან თავის ტვინის ვესტიბულური ბირთვების მიდამოში განვითარებული შეშუპებაა, რომელსაც თან სდევს ქალასშიგა ჰიპერტენზია. პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვესტიბულური აპარატის ფუნქციობის დარღვევის მანიშნებელ სიმპტომებს იწვევს, შეიძლება იყოს სიმსივნური, ანთებითი ან სისხლძარღვოვანი წარმოშობისა. ვესტიბულური აპარატის დარღვევების ძირითადი გამოვლინებები თავბრუსხვევის შეგრძნება და თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა – ნისტაგმია. გარდა ამისა, გვხვდება თანამდევი გამოვლინებებიც - გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, სუნთქვის რიტმის, პულსის ცვლილება, არტერიული წნევის "თამაში", ოფლდენის გაძლიერება, სინათლეზე თვალის გუგების რეაქციის შეცვლა, სახისა და კისრის გაწითლება ან სიფითრე. ვესტიბულური დარღვევების სიმპტომებმა შეიძლება ერთბაშად იჩინოს თავი ან შეტევითი ხასიათი მიიღოს შეტევებს შორის მეტ-ნაკლები ინტერვალებით, მაგალითად, ისე, როგორიც მენიერის დაავადების დროსაა. შეტევებს შორის პაციენტი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს, თუმცა ვესტიბულური დარღვევები ხშირად მაინც შეინიშნება, ვთქვათ, თავის მდგომარეობის შეცვლის დროს, მკვეთრი სუნის შეგრძნებისას, ხმაურის გაგონებისას, ჰაერის ტენიანობის შეცვლისას და სხვა. იმ ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა, რომლებიც ვესტიბულურ დარღვევებს იწვევს, მოითხოვს ავადმყოფის დეტალურ გამოკვლევას აუდიომეტრიის, ხერხემლის არტერიების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა თანამედროვე სადიაგნოზო მეთოდების გამოყენებით. რომელი დაავადებების დროს წარმოიშობა ვესტიბულური აპარატის დარღვევები:

  • კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუხვევა ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, მაგრამ ყველაზე ხშირად 60 წლის შემდეგ გვხვდება. კლინიკურ პრაქტიკაში ეს ვესტიბულური თავბრუხვევის ყველაზე ხშირი მიზეზია. ზოგჯერ მას წინ უძღვის ქალა-ტვინის ტრავმა, ოტიტი, იშემია ვერტებრო-ბაზილარულ აუზში, ათიდან ხუთ შემთხვევაში კი მიზეზი უცნობი რჩება. კლინიკური სურათი მკვეთრად დამახასიათებელია: თავბრუხვევის ხანმოკლე შეტევები, რომლებიც მეორდება ყოველთვის, როცა კი პაციენტი სხეულის მდებარეობას შეიცვლის - წამოდგება საწოლიდან ან დაწვება, გვერდზე გადაბრუნდება, დახრის ან უკან გადასწევს თავს. პაციენტების დაახლოებით ნახევარში ხშირი შეტევებით მიმდინარე გამწვავებებს სპონტანური რემისიები ენაცვლება. რემისია შეიძლება რამდენიმე თვეს ან რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს.
  • ვესტიბულური ნევრიტი (ვესტიბულური ნეირონიტი, მწვავე პერიფერიული ვესტიბულოპათია) ვესტიბულური აპარატის დარღვევის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია. ის პერიფერიული ვესტიბულური აპარატის ან ვესტიბულური ნერვის დაზიანებას უკავშირდება. ვესტიბულური ნევრიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ზოგჯერ მის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ადამიანი ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებას გადაიტანს, რაც ვესტიბულური ნევრიტის ვირუსულ ბუნებაზე მიუთითებს. მწვავედ აღმოცენდება ძლიერი ბრუნვითი თავბრუხვევა, გულისრევა, განმეორებითი ღებინება, ჰორიზონტალურ-როტაციული ნისტაგმი სწრაფი ფაზით, რომელიც ჯანმრთელი ყურისკენ არის მიმართული. თავბრუხვევას თავის ოდნავი მოძრაობაც კი აძლიერებს, ამიტომ ავადმყოფები ზოგჯერ განზრახ იკავებენ თავს. მძიმე თავბრუხვევა, ჩვეულებრივ, 3-4 დღე გრძელდება, მაგრამ ჯანმრთელობის სრული აღდგენა რამდენიმე კვირას მოითხოვს, ხანდაზმულებს კი შესაძლოა რამდენიმე თვეც დასჭირდეთ. იშვიათად რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ვითარდება რეციდივი. თუ მდგომარეობა ერთი თვის მანძილზე არ გამოსწორდა, აუცილებელია კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს ცენტრალური დაზიანება. აუცილებელია აუდიომეტრიის ჩატარებაც მენიერის დაავადების გამოსარიცხად.
  • ხანდაზმულებში ვესტიბულური აპარატის დარღვევას ხშირად ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა უდევს საფუძვლად. თავბრუხვევის მიზეზი შეიძლება იყოს ლაბირინთის, ვესტიბულური ნერვის და/ან ღეროს იშემია. თავბრუხვევა, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება, იწყება მწვავედ. ხშირად თან სდევს გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა. ღეროს მიმდებარე ნაწილების იშემია დამატებით სიმპტომებს იწვევს: მხედველობის დარღვევას, გაორებას, დიზართრიას, დაცემას, ქვედა კიდურების სისუსტესა და დაბუჟებას.

არცთუ იშვიათად თავბრუხვევის შეტევები ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის პირველი ნიშნია, მაგრამ თუ ასეთი მოვლენები რამდენიმე თვე და მით უმეტეს წელი გაგრძელდა, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის დიაგნოზი ეჭვის ქვეშ დგება. ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის, ბაზილარული ან ლავიწის არტერიების ათეროსკლეროზი, იშვიათად - კარდიოგენული ემბოლია, სისხლის "შესქელება", ვასკულიტები და სხვა. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა იშვიათად თუ აიხსნება ხერხემლის არტერიების მექანიკური კომპრესიით, რომელიც კისრის ოსტეოქონდროზით არის განპირობებული. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გარდა ვესტიბულური აპარატის დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს შიდა სასმენი არტერიის დახშობით, ქრონიკული ორმხრივი ვესტიბულოპათიით, მენიერის დაავადებით, გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმით, სიმსივნით, ბაზილარული შაკიკითა და ყურის სხვა დაავადებებით, ეპილეფსიით. ვესტიბულური აპარატის დარღვევების დროს აუცილებელია მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს, რომელიც, თუ საჭიროდ მიიჩნია, საქმეში ნევროლოგსაც ჩართავს, სპეციფიკური გამოკვლევების შემდეგ ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.